ამერიკელი სენატორი - „ფეის აპი“ აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ უნდა შეისწავლოს
ამერიკელი სენატორი - „ფეის აპი“ აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ უნდა შეისწავლოს

აშშ-ის სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერი რუსული აპლიკაცია „ფეის აპის“ გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადება ჩაკ შუმერმა “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. დემოკრატი სენატორი „ფეის აპით“ დაინტერესებისკენ აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს და სავაჭრო კომისიას მოუწოდებს.

„ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ამერიკის მოქალაქეების ფაქიზი პირადი ინფორმაცია მტრული სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდება, რომელიც აქტიურად მონაწილეობს აშშ-ის კიბერსივრცეში განხორციელებულ მტრულ საქმიანობაში“ – წერს შუმერი.

მისივე თქმით, მობილური ტელეფონების აპლიკაცია „ფეის აპი“, რომლის შტაბბინაც სანქტ პეტერბურგში მდებარეობს, შესაძლოა, „აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და მილიონობით ამერიკელის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ემუქრებოდეს“.

სენატორის განმარტებით, „ფეის აპში“ გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელსაც ადამიანის ასაკისა და გარეგნობის შეცვლა შეუძლია. მისი თქმით, „აპლიკაციის შემქმნელებს ხელი მიუწვდებათ მომხმარებლების ყველა ფოტოზე და მათი გამოყენება ნებართვის გარეშე შეუძლიათ“.

„ფეის აპი“ რუსული კომპანია „ვაირლეს ლაბის“ პროდუქტია. ის აშშ-ში და მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.