ამერიკელი კონგრესმენი - მხოლოდ სეპარატისტულ რეჟიმებს და საძაგელ მთავრობებს შეუძლიათ ისეთი სიბოროტის გაკეთება, რომ ცხედარი ოჯახს არ დაუბრუნონ
ამერიკელი კონგრესმენი - მხოლოდ სეპარატისტულ რეჟიმებს და საძაგელ მთავრობებს შეუძლიათ ისეთი სიბოროტის გაკეთება, რომ ცხედარი ოჯახს არ დაუბრუნონ

მხოლოდ სეპარატისტულ რეჟიმებს და საძაგელ მთავრობებს შეუძლიათ ისეთი სიბოროტის გაკეთება, რომ ცხედარი ოჯახს არ დაუბრუნონ, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ტედ პომ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში დაწერა.

კონგრესმენის წერილში ნათქვამია, რომ განცხადება რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ესკალაციას უკავშირდება.

„რუსული დათვი შესაძლებლობას არ უშვებს, აჩვენოს ბოროტი განზრახვა და საერთაშორისო სამართლის აბუჩად აგდება. გასულ თვეში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში სამი ადამიანი დააკავეს. სამწუხაროდ, ერთ-ერთი დაკავებული, არჩილ ტატუნაშვილი, აწამეს და მოკლეს. რუსეთისგან მხარდაჭერილი სეპარატისტული ხელისუფლება კი ოჯახს ცხედარს არ უბრუნებს. ვლადიმერ პუტინის ტირანული რეჟიმი არ კმაყოფილდება საკუთარი მოსახლეობის გატაცებითა და მკვლელობით. ტირანიის გავრცელებას პოსტსაბჭოთა სივრცეზე ცდილობს, ასევე სურს აღმოსავლეთ ევროპის დაშინება“, – წერს ტედ პო.

ამერიკელი კონგრესმენის განცხადებით, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის მოსკოვმა საფასური უნდა გადაიხადოს.