ამერიკელი კონგრესმენები - პუტინის რუსეთს გამანადგურებელი სანქციები უნდა დაუწესდეს
ამერიკელი კონგრესმენები - პუტინის რუსეთს გამანადგურებელი სანქციები უნდა დაუწესდეს

ამერიკელი კონგრესმენები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდნენ. ახალი კანონპროექტის ავტორები როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკარტი კანონმდებლები არიან. მათ შორის არის ლინდსი გრემი, ჯონ მაკკეინი, ჯინ შაჰინი, ბობ მემენდესი, ბენ კარდინი და სხვები.

როგორც სენატორი ლინდსი გრემი ამბობს, დღეს მოქმედმა სასანქციო რეჟიმმა ვერ აიძულა რუსეთი, აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში ჩარევაზე უარი ეთქვა. „ჩვენი მიზანია, შევცვალოთ სტატუს კვო და დავაწესოთ გამანადგურებელი სანქციები პუტინის რუსეთის მიმართ, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევას, არ შეაჩერებს კიბერიერიშებს აშშ-ის ინფრასტრუქტურაზე, არ გაიყვანს რუს სამხედროებს უკრაინიდან და არ შეწყვეტს ქმედებებს, რომელიც მიმართულია სირიაში ქაოსის გამოწვევისკენ“, – აცხადებს სენატორი გრემი.

როგორც დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, კანონპროექტი მაქსიმალურად მკაცრი სანქციების შემოღებას ითვალისწინებს, რაც პუტინს ამერიკული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის სურვილს გაუქრობს. გრემის თქმით, პუტინი კვლავ საფრთხეს უქმნის აშშ-სა და მის მოკავშირეებს.

„ეს კანონი გააძლიერებს ზეწოლას კრემლზე და აგრძნობინებს პუტინს, რომ აშშ-ი აღარ მოითმენს მის ასეთ ქცევას“, – ამბობს კანონის კიდევ ერთი ავტორი ბობ მენენდესი.

პროექტის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რუსეთისა და მისი მოკავშირე ირანისა და სირიისთვის ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილოს. მათივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ არ უნდა გაიმეოროს ობამას შეცდომები და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე უარი თქვას, ვიდრე პუტინის რუსეთის ქცევა არ შეიცვლება.

როგორც სენატორი ჯონ მაკკეინი აცხადებს, პუტინის წინააღმდეგ სანქციები მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს და კანონს რესპუბლიკელებმაც და დემოკრატებმაც უნდა დაუჭირონ მხარი, რადგან პუტინის რეჟიმის მიზანი ამერიკელი ხალხისა და ამერიკის ყველა მონაპოვრისთვის ძირის გამოთხრაა.

კანონპროექტი ითვალისწინებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან აშშ-ის გასვლაზე შეზღუდვის დაწესებას, რაც, მათი თქმით, სენატის თანხმობის გარეშე შეუძლებელი უნდა გახდეს. ამავე დროს, სენატორები გამოდიან ინიციატივით, გაიზარდოს ნატო-ს წევრი იმ სახელმწიფოების მხარდაჭერა, რომლებიც ჯერ კიდევ დამოკიდებულები არიან რუსულ შეიარაღებაზე.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტში უნდა შეიქმნას კიბერუსაფრთხოების ცენტრი, რომელიც კიბერსივრცეში არსებული საფრთხეების საწინააღმდეგო პოლიტიკას შეიმუშავებს და შესაბამის ზომებს გაატარებს. პროექტის ავტორთა თქმით, სანქციები უნდა დაწესდეს როგორც რუსეთის პოლიტიკური ფიგურების, ისე ოლიგარქებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართაც, რომლებიც გარეულები არიან კორუფციაში და დაკავშირებულები არიან პუტინთან.

„სანქციები უნდა დაწესდეს რუსეთის ენერგეტიკული პროექტების მიმართ. რუსეთს უნდა შეეზღუდოს საგარეო ვალის აღების შესაძლებლობა. ასევე, მომზადდეს ანგარიში ვლადიმერ პუტინის პირადი ქონებისა და მისი აქტივების შესახებ. შეიქმნას ეროვნული ცენტრი, რომელიც რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული საფრთხეების გასანეიტრალებლად იმუშავებს“, – ნათქვამია ახალ კანონპროექტში.