ამერიკელი კონგრესმენები ბათუმის პორტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ
ბათუმში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები დღეს ბათუმის პორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ. კონგრესმენებმა დაათვალიერეს ამერიკული ინვესტიციით მიმდინარე ტერმინალის მშენებლობის პროცესი.
პორტში კონგრესმენებს მეგზურობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გაუწია.
„ამერიკელ კონგრესმენებთან ერთად დავათვალიერეთ ბათუმის პორტი და ახალი ტერმინალი, რომლის მშენებლობა ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება. ძალიან სასიხარულოა, რომ ბათუმში ხორციელდება მშენებლობა ამერიკული ინვესტიციით, რაც უფრო მეტ ახალ შესაძლებლობას შესძენს არა მარტო აჭარას, არამედ მთლიანად საქართველოს“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმში საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა პირდაპირი ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება. კომპანია „ვონდერნეტ ექსპრეს ინვესტმენტ გრუპმა“ (Wondernet Exspress Investment Group) უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია „ტრამოსთან“ (Trammo) ერთად ტერმინალის მშენებლობისთვის 20 მილიონი დოლარი გამოყო. პროექტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურებში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება. ტერმინალი აღიჭურვება ტვირთის გადატანისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით.
კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და ალექსანდერ მუნიმ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ტერმინალის მშენებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
„მნიშვნელოვანია ამერიკული ინვესტიცია ქართულ-ამერიკული თანამშრომლობისთვის. ვუყურებ რა ამ პორტს და მომავალ პოტენციალს, ვხედავ, თუ როგორ შეგვიძლია, გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ მრავალმხრივი ურთიერთობები, იქნება ეს ეროვნული თუ ეკონომიკური უსაფრთხოება. ეს შექმნის სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. აქ პირველად შვიდი წლის წინ ვიყავი და ვხედავ, როგორ შეიცვალა ეს ტერიტორია მას შემდეგ. ვამაყობ იმით, რაც აქ გაკეთდა და იმითაც, რომ ამერიკის როლი მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი წარმატებისთვის“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.
ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.