ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება მზადდება
ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება მზადდება

ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება მზადდება.

ამის შესახებ „ფოქს ნიუსის“ ყოფილი წამყვანი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„ჩემ წინააღმდეგ ამზადებენ რაღაც ტიპის სისხლის სამართლის მიმართვას. დანაშაულის შესახებ შეტყობინებას იუსტიციის დეპარტამენტში, იმ სავარაუდო დანაშაულის საფუძველზე, რომელიც თითქოს ჩავიდინე. რა არის ეს დანაშაული? ის, რომ ომის დაწყებამდე ირანელებთან ვსაუბრობდი. მათ ჩემი ტექსტური შეტყობინებები წაიკითხეს. ასე რომ, სავარაუდო ბრალდება, როგორც ჩანს, უკავშირდება უცხოეთის აგენტების კანონს, თითქოს მე უცხო ქვეყნის აგენტად ვმოქმედებდი“, – აცხადებს კარსლონი.

მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ საქმე რეალურად წინ წავა და ამაზე დიდად არ ნერვიულობს.

„უცხო ქვეყნის აგენტი არ ვარ. ბევრისგან განსხვავებით, ვინც ამერიკის პოლიტიკასა და მსოფლიო საქმეებზე კომენტარს აკეთებს, მე მხოლოდ ერთი რამის ერთგული ვარ – ეს არის შეერთებული შტატები და არასოდეს მიმოქმედია მის წინააღმდეგ. ეს ინტერესები ერთადერთი ინტერესებია, რაც მაინტერესებს, რადგან ამერიკელი ვარ და ბევრი შვილი მყავს“ , – აცხადებს ჟურნალისტი.

კარლსონი ამბობს, რომ არასოდეს მიუღია ფული უცხო ქვეყნისგან. მისი თქმით, ჟურნალისტის სამუშაო სწორედ ის არის, რომ მუდმივად სხვადასხვა ადამიანთან ისაუბროს და გაიგოს, რა ხდება მსოფლიოში.

„ეს არის, ფაქტობრივად, ის, რითიც თავს ვირჩენ. ამის შეწყვეტას არ ვაპირებ და არც უნდა შევწყვიტო. მე ამერიკელი ვარ და შემიძლია, ვისთანაც მინდა, ვილაპარაკო. გასამჟღავნებელი საიდუმლო არაფერი მაქვს. იურიდიულად კი ვფიქრობ, რომ ეს საქმე აბსურდულია და ეჭვი მეპარება, საერთოდ საქმედ იქცეს“, – ამბობს კარსლონი.

ვიდეომიმართვაში ტაკერ კარლსონი აღნიშნავს, რომ ამ თემაზე რამდენიმე მიზეზის გამო გადაწყვიტა საუბარი.

„ერთი მიზეზი ის არის, რომ ომის დროს ქვეყნები უფრო ავტორიტარული ხდებიან. ეს ომის ბუნებაა. ადამიანები იღუპებიან, ფსონი ძალიან მაღალია, ემოციები უკიდურესად იზრდება და ამიტომ ქვეყნის შიგნით განსხვავებული აზრის მიმართ გაცილებით ნაკლები ტოლერანტობა არსებობს“, – აცხადებს კარლსონი.

მისი თქმით, ირონია იმაშია, რომ შეერთებული შტატები ხშირად ომობს თავისუფლების სახელით, მაგრამ ომის დროს თავად ქვეყანაში თავისუფლება ყოველთვის მცირდება. კარლსონმა ასევე თქვა, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურები ამერიკელ მოქალაქეებს უთვალთვალებენ.

„ალბათ ეს უკვე იცით. ამის შესახებ ბევრჯერ გაჟღერებულა, მათ შორის ჯულიან ასანჟისა და ედვარდ სნოუდენის მიერ. ორივე მათგანს სიკვდილითაც კი ემუქრებიან ამის გამჟღავნების გამო, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს ხდება. რეალურად, ეს ალბათ ბევრად ფართოდ არის გავრცელებული, ვიდრე ადამიანების უმეტესობას წარმოუდგენია“, – აცხადებს ჟურნალისტი.

მისი განმარტებით, მთავრობის მიერ მოქალაქეების პირადი კომუნიკაციის კონტროლი მიუღებელია. კარლსონის მტკიცებით, ბოლო წლებში მისი კრიტიკა ისრაელის მიმართ, შესაძლოა, გახდა მიზეზი, რის გამოც აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში ზოგი ადამიანი მის წინააღმდეგ განეწყო.

„CIA ძალიან დიდი, რთული ორგანიზაციაა და კონკრეტულ საქმეში მათი ქმედებები არ ნიშნავს, რომ იქ ყველა ასე ფიქრობს. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემზე გაბრაზებული არიან ისრაელის მიმართ პოზიციის გამო. მათ გარკვეული შესაძლებლობები აქვთ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისინი სამართალდამცველებს ასეთ საჩივრებს გადასცემენ, არის, რომ ამით მიიღონ ნებართვები ამერიკელებზე თვალთვალისთვის“, – აცხადებს კარლსონი ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, ხშირად მთავარი მიზანია, რომ გამოძიების არსებობის შესახებ ინფორმაციამ მედიაში გაჟონოს, რათა „დაამცირონ და დააშინონ“ ადამიანები, ვის წინააღმდეგაც ეს მოქმედებები ტარდება.

კარლსონმა აღნიშნა, რომ მსგავსი რამ უკვე არაერთხელ მომხდარა. მაგალითად, 2021 წელს, როდესაც ის ტელეკომპანია „ფოქს ნიუსში“ მუშაობდა და ცდილობდა ინტერვიუს ორგანიზებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. კარლსონის განმარტებით, მაშინ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში ვიღაცამ მისი ტექსტური შეტყობინებები მოიპოვა და გადასცა მედიას, მათ შორის „ნიუ იორკ თაიმმს“, რათა ინტერვიუ ჩაეშალათ.

„ეს არ არის ფანტაზია, რეალურად მოხდა. მათ ეს ორი წლის შემდეგაც გააკეთეს, როდესაც ისევ ვცდილობდი პუტინთან ინტერვიუს ჩაწერას. საბოლოოდ მაინც შევძელი, მაგრამ მსგავსი რამ შემდეგაც მოხდა“, – აღნიშნავს კარლსონი.

კარსლონის განცხადებით, როდესაც ჟურნალისტი დაგირეკავთ და თქვენი პირადი შეტყობინებების შინაარსი უკვე იცის, აშკარაა, რომ რაღაც ხდება. კარლსონი ამბობს, რომ ამ ეტაპზე შექმნილ ვითარებას დიდ საფრთხედ არ მიიჩნევს.

„ამ ვიდეოს არ ვწერ იმისთვის, რომ ვიწუწუნო ან ფული მოგთხოვოთ, თითქოს თავს მესხმიან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სიმართლეა და უნდა იცოდეთ, რას აკეთებს თქვენი მთავრობა და რა არის ფსონი“, – ამბობს ჟურნალისტი.

მისი თქმით, ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი აშშ-ში კულისებში ხდება.

„ზოგი მათგანი კანონიერია, ზოგი – არა, მათ შორის ისიც, რასაც ახლა აღვწერ, მაგრამ ამას შედეგებზე გავლენა აქვს. სადაზვერვო სააგენტოებში – არა ყველაში, რადგან იქაც ბევრი ღირსეული და შრომისმოყვარე ამერიკელი მუშაობს – არიან ადამიანები საკუთარი დღის წესრიგით, მოქმედებენ პირადი წყენით, მზად არიან, საიდუმლო კანონებით მინიჭებული ძალაუფლება გამოიყენონ თანამოქალაქეების წინააღმდეგ იდეოლოგიური მიზეზებით“, – ამბობს კარლსონი.

კარლსონის შეფასებით, მომავალში მსგავსი შემთხვევები, სავარაუდოდ, უფრო ფართო მასშტაბით გაგრძელდება.

ცნობისთვის, ტაკერ კარლსონი კრიტიკულადაა განწყობილი აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული ოპერაციის მიმართ. კარლსონი ამტკიცებს, რომ ეს ოპერაცია რეალურად მხოლოდ ისრაელის ინტერესებს ემსახურება.

საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კარლსონმა „გეზი დაკარგა“ და მისი პოლიტიკური მოძრაობის – „გახადე აშშ ისევ დიადი“ წევრი აღარ არის.

გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ირანთან ომის დაწყებამდე ერთი თვის განმავლობაში კარლსონი ტრამპს სამჯერ შეხვდა და პრეზიდენტის გარემოცვაში ერთ-ერთია, ვინც ირანზე თავდასხმის წინააღმდეგ ლობირებდა. საბოლოოდ, ტრამპმა მისი რჩევა არ გაითვალისწინა.