ამერიკელი ჟურნალისტი მაიკლ შელენბერგერი PUBLIC-ში აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით: „„კომპრომეტირებული“ ჰელსინკის კომისია ძირს უთხრის ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას უკრაინაში – აცხადებს ინფორმატორი“.
სტატიაში მაიკლ შელენბერგერი წერს, რომ საგარეო პოლიტიკის ექსპერტის, სტივენ შრაგეს მიერ ჰელსინკის კომისიისა და მისი თავმჯდომარის, სენატორ როჯერ უიკერის საქმიანობასთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში, ინფორმატორის მიერ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით, გამოვლინდა გადაცდომები და დარღვევები, რომელთა საფუძველზეც ექსპერტი ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.
ავტორის ინფორმაციით, ჰელსინკის კომისიის საქმიანობის გამოძიებას, რომელიც 2023 წლის გაზაფხულიდან 2024 წლის მარტამდე მიმდინარეობდა, ხელმძღვანელობდა საგარეო პოლიტიკის ექსპერტი რესპუბლიკური პარტიიდან სტივენ შრაგე.
როგორც სტატიის ავტორი წერს, შრაგე აცხადებს, რომ უიკერი და ჰელსინკის კომისია „კომპრომეტირებულია“ უცხოური აქტორების მიერ, რომლებიც მუშაობენ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისთვის ძირის გამოთხრასა და რუსეთთან აშშ-ის უფრო ფართო ომის პროვოცირებაზე.
შრაგეს თქმით, მან გადაწყვიტა, ამის შესახებ ახლა ესაუბრა, რადგან შიშობს, რომ კონგრესი გაზრდის ჰელსინკის კომისიის დაფინანსებას, როდესაც წარმომადგენელთა პალატა დაამტკიცებს კანონპროექტს ძირითად ასიგნებებზე. ეს კი საშუალებას მისცემს ჰელსინკის კომისიას, იმოქმედოს ადმინისტრაციის ზედამხედველობის მიღმა 2026 წლის შუალედური არჩევნების შემდეგ. შრაგემ წარმოადგინა ინფორმატორის მიერ მიწოდებული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია გამოძიებასთან და მოუწოდებს ტრამპის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ დაიწყონ ღია, დამოუკიდებელი გამოძიებები დაზვერვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ფედერალური კონტრდაზვერვისა და FARA-ს კანონის დაცვაზე პასუხისმგებელი პირების მონაწილეობით.
„ტრამპის არჩევის შემდეგ პირველი ექვსი თვის განმავლობაში ისე ჩანდა, რომ კომისია ჩუმად დაიხურებოდა ამ დარღვევების შესახებ შეტყობინებების გამო“, – აცხადებს შრაგე და აღნიშნავს, რომ „შემდეგ, კომისიამ მიიღო ექსტრაორდინალური ზომები, რათა აღედგინა ყველა ძირითადი ფიგურანტი, რომელიც ჩართული იყო სისხლის სამართლის დანაშაულებსა და ეროვნული უსაფრთხოების დარღვევებში. ახლა ისინი ცდილობენ, გაამყარონ დაფინანსება“.
„გასული წლის მიწურულს სენატორმა უიკერმა მკაცრად გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო წინადადება და ეროვნული თავდაცვის აქტში გაწერა შეზღუდვები, რომლებიც ძირს უთხრის ტრამპის პოლიტიკას, როგორიცაა ევროპიდან შეიარაღებული ძალების გადაყვანის ბლოკირება“, – აღნიშნავს შრაგე. მისივე განცხადებით, „ამან საშუალება მისცა უკრაინას, მიეღო თანხა, რომელიც ადმინისტრაციას არ მოუთხოვია“, „უიკერმა დაბლოკა საკვანძო თანამდებობებზე პირების დანიშვნა, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ტრამპის პოლიტიკასთან და მის სამშვიდობო ინიციატივებთან“.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, გამოვლენილი დარღვევებიდან შრაგეს განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია ჰელსინკის კომისიის ადმინისტრაციის უფროსის, კაილი პარკერის მუშაობამ რუსეთის დუმის ყოფილ სკანდალურ წევრთან, ილია პონომარევთან, რომელიც დაკავშირებული იყო უკრაინულ დაზვერვასთან. უიკერისა და ჰელსინკის კომისიის მაღალჩინოსნები როდესაც მუშაობდნენ პონომარევთან, დუმის ყოფილმა წევრმა მიანიშნა დასავლელ ჟურნალისტებს, რომ კავშირი აქვს დარია დუგინას მკვლელებთან.
შრაგეს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, კომისიამ „ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას, სულ მცირე, 87 400 დოლარის დამალვით, რომელიც დაკავშირებული იყო FARA-ს კანონის დარღვევასთან. კერძოდ, პარკერის მხრიდან, რომელმაც უკრაინიდან ნაღდი ფული ბარგით ჩამოიტანა. იყო მოლოდინი, რომ საქმე იუსტიციის დეპარტამენტის FARA-ს განყოფილებას დამოუკიდებელი ზომების მისაღებად უნდა გადაცემოდა, ვიდრე ჰელსინკის მაღალჩინოსნები და უიკერი ჩაერეოდნენ“.
„მოწმე გავხდით, როგორ მივიდა პონომარევი კომისიაში და განიხილავდა გეგმას“ – ვციტირებ – „ვაგნერის სტილის გადატრიალებას პუტინის დასამხობად, ასევე ჰელსინკის კომისიის გამოყენებას თავისი ძალისხმევის ლეგიტიმიზაციისთვის უცხოური ძალების მიერ რუსეთის დასაშლელა“, – აცხადებს შრაგე, – აშშ-ის მთავრობა როგორც პრეზიდენტ ბაიდენის, ისე ტრამპის პირობებში, იღებდნენ ზომებს, რათა არ დაეშვათ ამერიკელი ოფიციალური პირების მონაწილეობა ამ ტიპის გადატრიალებებსა და მკვლელობებში, რამდენადაც უცხოელ აქტორების მიერ მარტივად გამოეყენებინათ და გამოეწვიათ უფრო ფართო ომები“.
სტატიის ავტორის ინფორმაციით, შრაგემაც და ჰელსინკის კომისიის მთავარმა იურისტკონსულმაც აღმოაჩინეს, რომ რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც წლების განმავლობაში ავლენდნენ ჰელსინკის კომისიის თანამშრომელთა მხრიდან ინტერესთა კონფლიქტების, დანაშაულებრივი საქმიანობის და უცხოური გავლენის მრავალრიცხოვან შემთხვევას. გადაცდომებს შორის შრაგე ასახელებს უკრაინელი სნაიპერების მომარაგებას, ომით დაინტერესებული უცხოელი პირებისგან საჩუქრების მიღებას და ჰელსინკის კომისიის ადმინისტრაციის უფროსის, კაილი პარკერის „უგუნურ ქცევას“. შრაგეს ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა სენატორ ბენჟამინ კარდინს პარკერის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა პარკერი თანამდებობაზე დარჩა.
სტატიის მიხედვით, გამოძიება ასევე შეშფოთებულია ცნობილი უცხოელი ფინანსისტის, ბილ ბროუდერის მჭიდრო თანამშრომლობით კაილი პარკერთან და სენატორ როჯერ უიკერთან იმ დროს, როდესაც, შრაგეს მტკიცებით, ბროუდერი აძლიერებდა კონტროლსა და გავლენას კომისიაზე. შრაგეს თქმით, ბრაუდერი, აშშ-ში დაბადებული ბრიტანელი ინვესტორი, მას აგრესიულად უბიძგებდა, მიეღო უკანონო და არაეთიკური საჩუქარი. შრაგე ამბობს, რომ მოსმენის შემდეგ სენატორმა როჯერ უიკერმა პირადი შეხვედრის დროს კაილი პარკერს უთხრა, იპოვოს გამოსავალი ჰელსინკის კომისიის შესახებ გამოძიების ორი ხელმძღვანელის თავიდან მოსაშორებლად, რაც წარმოადგენს მართლმსაჯულებისთვის პოტენციურ ხელშეშლას.
სტატიაში მაიკლ შელენბერგერი წერს, რომ ვაშინტონში რთულად მოიძებნება უკრაინისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გაფართოების უფრო დიდი მოქომაგე, ვიდრე სენატორი როჯერ უიკერია, რომელიც ამავდროულად არის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე და მის დაქვემდებარებაშია ჰელსინკის კომისია.
„გასულ ნოემბერს როჯერ უიკერმა ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევას „ე.წ. სამშვიდობო გეგმა“ უწოდა. ბოლო კვირებში უიკერი დაჟინებით ითხოვდა, რომ „უკრაინა არ უნდა აიძულონ, დათმოს სუვერენული ტერიტორია, რომელსაც იმსახურებს და ამჟამად აკონტროლებს“ და არაერთხელ შეადარა პუტინი ჰიტლერს. უიკერმა განაცხადა, რომ აშშ-მა უნდა აიღოს უკრაინის დაცვის ვალდებულება „მუდმივ საფუძველზე“, მათ შორის „შორ რადიუსზე დარტყმების შესაძლებლობის“ მინიჭებით. უიკერის ეს პოზიციები ეწინააღმდეგება მრავალი ექსპერტის, ტრამპის ადმინისტრაციის და რესპუბლიკური პარტიის ელექტორატის მოსაზრებებს. ექსპერტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას სჭირდება უკრაინისგან ტერიტორიის დათმობა და შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების უკრაინისთვის მიცემა აშშ-სა და რუსეთს ბირთვულ კონფლიქტთან დააახლოებს“, – წერს ავტორი.
აქვე შელენბერგერი აღნიშნავს, რომ სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეობა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი როლია ვაშინგტონში. ის კურირებს თავდაცვის მაღალ თანამდებობებზე კანდიდატების დანიშვნასა და აშშ-ის რეკორდულ სამხედრო ხარჯებს, რომელიც მომდევნო წელს ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.