ამერიკელი ანალიტიკოსი დენიელ დევისი - უკრაინა დღეს ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა, საქართველოს მსგავსი კურსი რომ აერჩია, ევროკავშირმა რაც გააკეთებინა, უკრაინისთვის კატასტროფული აღმოჩნდა
ამერიკელი ანალიტიკოსი დენიელ დევისი - უკრაინა დღეს ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა, საქართველოს მსგავსი კურსი რომ აერჩია, ევროკავშირმა რაც გააკეთებინა, უკრაინისთვის კატასტროფული აღმოჩნდა

უკრაინა დღეს ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა, საქართველოს მსგავსი კურსი რომ აერჩია. ევროკავშირმა რაც გააკეთებინა, უკრაინისთვის კატასტროფული აღმოჩნდა, – ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა, დენიელ დევისმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის ფარგლებში საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, ევროკავშირი უკრაინას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დახმარებოდა, მხოლოდ მეტი უკრაინელის დაღუპვას, ქალაქების განადგურებასა და ქვეყნის კიდევ უფრო გაპარტახებას შეუწყო ხელი.

„საქართველო ნამდვილად იმის კარგი მაგალითია, როგორ უნდა გაუმკლავდე კრიზისს. მთელი ის სიტუაცია, რაც 2008 წლის რუსეთთან ომის დროს მოხდა, შეიძლება, ქვეყნისთვის დამანგრეველი ყოფილიყო, ქვეყანა, შესაძლოა, დაშლილიყო იმ ნაბიჯების მიხედვით, რომელსაც გადადგამდა. საქართველოში ამ ომის კვალი დღემდე არსებობს, ომმა მუდმივი იარა დატოვა, თუმცა 2008 წლის ომი არ დასრულდა ისე, როგორც უკრაინაში, რომელიც, ჩემი აზრით, მეტისმეტად შორს წავიდა, პირდაპირ რუსეთის სამიზნეში მოექცა და ქვეყანა სისტემატურად ნადგურდება. უკრაინა დღეს ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა, საქართველოს მსგავსი კურსი რომ აერჩია. ევროკავშირმა უკრაინას რაც გააკეთებინა, ქვეყნისთვის კატასტროფული აღმოჩნდა. ნაცვლად იმისა, უკრაინას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დახმარებოდნენ, მხოლოდ მეტი უკრაინელის დაღუპვას, მეტი ქალაქის განადგურებას და ქვეყნის კიდევ უფრო გაპარტახებას შეუწყვეს ხელი. ეს არც უკრაინას ეხმარება და არც ევროპულ ინსტიტუტებს“, – განაცხადა დენიელ დევისმა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის გონივრულია, ზედმეტად არ გახდეს დამოკიდებული არცერთ ბლოკზე, არამედ ჰქონდეს დამოუკიდებელი საგარეო, შიდა და ეკონომიკური პოლიტიკა, რაც შეუნარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობასა და კეთილდღეობას.

„რთულია, როდესაც პატარა ქვეყანა ხარ და შენ ირგვლივ დიდი ქვეყნები არიან, საქართველო არ ერთვება თვითდამანგრეველ ქმედებებში და მას ეუბნებიან, რომ საკმარისს არ აკეთებს. ერთ მხარეს ევროკავშირის ბლოკი გაწვება, მეორე მხარეს – რუსეთი და შენ ხარ შუაში. ასეთ დროს უნდა გააკეთო ის, რაც შენი ქვეყნისთვის არის გონივრული. გონივრული კი ის არის, რომ ზედმეტად არ გახდე დამოკიდებული არცერთ ბლოკზე, არამედ გქონდეს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, შიდა პოლიტიკა და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური პოლიტიკაც. ეს ლოგიკურია და სწორედ ეს შეგინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობასა და კეთილდღეობას მომავალში“, – განაცხადა დენიელ დევისმა.