ირანის პრეზიდენტი - ამერიკელები მხარს უჭერენ ისრაელის ცრუ რეჟიმს, რომ ფესვები გაიდგას და გამყარდეს, მაშინ, როდესაც პალესტინელებს იძულებით ასახლებენ
ამერიკელები მხარს უჭერენ ისრაელის ცრუ რეჟიმს, რომ ფესვები გაიდგას და გამყარდეს, მაშინ, როდესაც პალესტინელებს იძულებით ასახლებენ, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ირანის პრეზიდენტმა „აბრაამის შეთანხმებაზე“ საუბრისას აღნიშნა, რომ „თუ სახელმწიფო ხელს ართმევს სიონისტურ რეჟიმს, მაშინ ისიც მათი დანაშაულის თანამონაწილეა და ისინი პალესტინის იდეას ზურგში დანას ურტყამენ“.
რაისის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავის ქვეყანას სურს, სამართლიანობა აღსრულდეს 2020 წელს აშშ-ის საჰაერო თავდასხმისას ირანის „ყუდსის ძალების“ მეთაურ ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის, თეირანი შურს არ იძიებს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების მკვლელობით.
„ეს არის იმ ტიპის ქმედებები, რასაც ამერიკელები და სიონისტური რეჟიმები აკეთებენ მსოფლიოში – ჩვენ არ ვაპირებთ იმავე ქმედებებს“, – განაცხადა ებრაჰიმ რაისმა.
შეკითხვაზე, რა განსხვავებაა ბაიდენისა და ტრამპის ადმინისტრაციებს შორის, რაისმა აღნიშნა: „აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, ისინი აცხადებენ, რომ განსხვავდებიან ტრამპის ადმინისტრაციისგან. მათ ეს ჩვენთვის განკუთვნილ გზავნილებში თქვეს, მაგრამ ჩვენ რეალობაში ცვლილებების მომსწრენი არ ვართ“.