ამერიკელ ულტრამემარჯვენე აქტივისტს ევროპის 26 ქვეყანაში ჩასვლა აეკრძალა 
ამერიკელ ულტრამემარჯვენე აქტივისტს ევროპის 26 ქვეყანაში ჩასვლა აეკრძალა 

ამერიკელ ულტრამემარჯვენე აქტივისტსა და ნეონაცისტური იდეოლოგიის მხარდამჭერს, 39 წლის რიჩარდ სპენსერს შენგენის ზონის ქვეყნებმა ხუთი წლით საზღვრის გადაკვეთა აუკრძალეს. ამ გადაწყვეტილებას თავად სპენსერი მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპა მას, როგორც კრიმინალს, ისე ეპყრობა.

ბრიტანული გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, სპენსერი ორი კვირის წინ პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს ვარშავაში გამართულ ულტრამემარჯვენეების ფართომასშტაბიან აქციაზე დასწრებას აპირებდა, როცა შეატყობინეს, რომ პოლონეთის საზღვარზე მას არ შეუშვებდნენ. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სპენსერს შენგენის ზონაში შესვლა უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში აეკრძალა.

პროფესიით ისტორიკოსი და ლიტერატორი რიჩარდ სპენსერი ვირჯინიაში დაიბადა, უმაღლესი განათლება კი ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩიკაგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დიუკის უნივერსიტეტში მიიღო.

ულტრამემარჯვენე იდეების დემონსტრირება მან 2007 წლიდან დაიწყო, როცა ნაციონალისტური იდეოლოგიის ჟურნალის „კონსერვატიული ამერიკა“ რედაქტორი გახდა. რამდენიმე ინტერვიუში მან დაუფარავად აღნიშნა, რომ ადოლფ ჰიტლერის იდეებს მიესალმება, თუმცა ჰოლოკოსტი დაგმო.

2016 წელს ჟურნალ TIME-ში გამოქვეყნებულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სპენსერმა განაცხადა, რომ მისი სურვილია აშშ თეთრკანიანების სახელმწიფო იყოს. სპენსერი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ერთსქესიანთა შორის ქორწინებას, რის გამოც იგი ბარაკ ობამას მწვავედ აკრიტიკებდა.

რიჩარდ სპენსერი დასავლურ მედიას, განსაკუთრებით კი CNN-ს Lügenpresse-ს, იგივე „ცრუ პრესას“ უწოდებს. აღნიშნული ტერმინი მესამე რეიხის პერიოდში წარმოიშვა და ანტინაცისტურ პრესასთან ასოცირდებოდა.