ამერიკელ სენატორ ქრის ვან ჰოლენსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის საინტერესო საუბარი შედგა
ამერიკელ სენატორ ქრის ვან ჰოლენსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის საინტერესო საუბარი შედგა

ამერიკელ სენატორ ქრის ვან ჰოლენსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის საინტერესო საუბარი შედგა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

„დღეს ამერიკელ სენატორს, ქრის ვან ჰოლენსა და ჩემ შორის საინტერესო საუბარი შედგა. ჩვენ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან საკითხსა და, ასევე, ჩვენი მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე ვიმსჯელეთ. ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა და საერთო ღირებულებებსა და ერთიან გეოსტრატეგიულ ინტერესებს ემყარება.

მე მადლობა გადავუხადე სენატორ ვან ჰოლენს აშშ-ს სენატის მიერ ჩვენი ქვეყნის მიმართ, კერძოდ კი, დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების კუთხით გამოხატული მხარდაჭერისთვის. სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში ნატო-ს მისიის წარმატებით განხორციელებაში. გამოვთქვით მზაობა, რომ კვლავაც განვაგრძოთ ერთობლივად მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით.

საუბარი შეეხო ასევე, რუსეთის მხრიდან საქართველოს განგრძობადი ოკუპაციის თემას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების მდგომარეობაზე. სენატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი