ამერიკელ ფინანსისტთან, ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების დადასტურების გამო დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩი პიტერ მანდელსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა
დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩი პიტერ მანდელსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც „როიტერი“ იუწყება, პიტერ მანდელსონი ამერიკელ ფინანსისტთან, ჯეფრი ეპშტეინთან ხანგრძლივი და ახლო ურთიერთობის გამო გაათავისუფლეს.
გამოცემა წერს, რომ ლეიბორისტული პარტიის წევრი, 71 წლის პოლიტიკოსი ეპშტეინთან ურთიერთობის გამო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც აშშ-ის კონგრესის დემოკრატმა წევრებმა გაასაჯაროეს წერილი, რომელიც, სავარაუდოდ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ არის ხელმოწერილი და 2003 წელს ჯეფრი ეპშტეინისთვის მისი 50 წლის იუბილეზეა გაგზავნილი. წიგნში, სავარაუდოდ, ელჩის წერილიც იყო, სადაც ეპშტეინს „საუკეთესო მეგობარს“ უწოდებს.
ამასთან, მედიაში გამოქვეყნდა დამატებითი ელექტრონული წერილები, რომლებიც აჩვენებს, რომ მანდელსონმა ეპშტეინს ურჩია, დაეწყო ბრძოლა პატიმრობიდან ვადამდელი გათავისუფლებისთვის.
ცნობისთვის, ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს დონალდ ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის. ცნობილია, რომ წლების წინ დონალდ ტრამპს ურთიერთობა ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინთან, რომელიც ფინანსისტად მუშაობდა ნიუ იორკსა და ფლორიდაში. ჯეფრი ეპშტეინთან ურთიერთობის შესახებ დონალდ ტრამპი 2002 წელს ამერიკულ მედიასთან ინტერვიუშიც საუბრობდა. ფინანსისტის დაკავების შემდეგ კი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ მასთან დიდი ხნის წინ კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი. 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ, სხვა საქმეებთან ერთად, ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებსაც გაასაჯაროებდა.
რაც შეეხება პიტერ მანდელსონს, აშშ-ში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობაზე 2025 წლის 10 თებერვლიდან დაინიშნა. სხვადასხვა პერიოდში იყო ჩრდილოეთ ირლანდიის სახელმწიფო მდივნი, ბიზნესისა და ინოვაციების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პირველი სახელმწიფო მდივნი და ევროკომისარი საგარეო ვაჭრობის საკითხებში.