ამბროლაურში სახალხო დამცველის აპარატის ახალი რეგიონული ოფისი გაიხსნა
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ქალაქ ამბროლაურში ოფიციალურად გახსნა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ახალი რეგიონული ოფისი. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი რეგიონული ოფისი უზრუნველყოფს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში უფლებადარღვევის ფაქტების გამოვლენას და ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის მანდატის ეფექტურ განხორციელებას.
ოფისის გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში 2024 წლის ნოემბრიდან მუშაობს. ახლადგახსნილი ოფისი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ გადაეცა სახალხო დამცველის აპარატს. განახლებული სამუშაო სივრცე ხელს შეუწყობს რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლის ეფექტურ საქმიანობას ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვის მიზნით.
ამ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისები ათ სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს. რაჭის ახალი ოფისი ამბროლაურში, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა 11-ში არის განთავსებული“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეგიონული ოფისების შესახებ ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია სახალხო დამცველის ვებგვერდზე.