ამბროლაურში აქციაზე ლევან დავითაშვილის მისვლას ხმაური მოჰყვა 
ამბროლაურში აქციაზე ლევან დავითაშვილის მისვლას ხმაური მოჰყვა 

ღვინის კომპანიებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბროლაურში აქციის მონაწილეებთან მივიდა, სადაც მოსახლეობა ყურძნის ჩაბარების ფასს აპროტესტებს.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ყურძნის ჩაბარების ფასი, ექვსი ლარი, დაბალია და ყურძნის ჩამბარებელი კომპანიებისგან ფასის გაზრდას ითხოვენ.

როგორც ლევან დავითაშვილმა აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე განაცხადა, ღვინის კომპანიები მზად არიან, ინდივიდუალური მოლაპარაკებები აწარმოონ თითოეულ ადამიანთან და მაღალი ხარისხის ყურძენი უფრო მაღალ ფასში ჩაიბარონ.

ამასთან, მინისტრმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ემოციები გვერდით გადადონ და ყურძნის ჩაბარების პროცესი პოლიტიკური ანგაჟირებისგან დაცლილი იყოს.

ლევან დავითაშვილის ამ განცხადებას მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც აქციაზე შეკრებილებმა განაცხადეს, მათ პოლიტიკა არ აინტერესებთ.

მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღვინის კომპანიებთან შეხვედრა გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამბროლაურში განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკური სპეკულაციის ნიშნებს ხედავს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს და არ ჰქონდეს ზედმეტი პოლიტიკური გავლენები, იყოს თავისუფალი პოლიტიკური სპეკულაციისგან. სამწუხაროდ, აქ ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური სპეკულაციის ნიშნებს, ადამიანებზე ზეწოლას, სწორედ ამის გამოა, რომ რთველი არ დაწყებულა. წარმოიდგინეთ, საუბარი გვაქვს ძალიან მაღალ ფასებზე, ყურძენზე მოთხოვნა მზარდია, საუბარია რეკორდულ რთველზე და ამის ფონზე შეფერხებები არის პოლიტიკური სპეკულაციის ნიშნების მატარებელი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.