ამბოხებულმა სამხედროებმა მალის პრეზიდენტი დააკავეს
ამბოხებულმა სამხედროებმა მალის პრეზიდენტი დააკავეს

მალის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა ამბოხებულმა სამხედროებმა დედაქალაქ ბამაკოში დააკავეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

მანამდე ბამაკოდან 15 კილომეტრში მდებარე კატის სამხედრო ბაზაზე სამხედროების ჯგუფმა ამბოხი მოაწყო და რამდენიმე სამოქალაქო და სამხედრო მაღალჩინოსანი ალყაში მოაქცია.

როგორც სააგენტო „როიტერი” წერს, პრეზიდენტ კეიტას წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ივნისიდან იმართება. ოპონენტები მას კორუფციასა და ქვეყანაში უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუარესებაში სდებენ ბრალს.

ვრცელდება ცნობები, რომ პრეზიდენტთან ერთად ამბოხებულმა სამხედროებმა პრემიერ-მინისტრი ბუბუ სისეც დააკავეს.

2012 წელს კატის სამხედრო ბაზაზე დაწყებული ამბოხის შედეგად მალიში სამხედრო გადატრიალება განხორციელდა.