ამბოხებული ლიბიელი გენერლის ძალები აცხადებენ, რომ ტრიპოლის პორტში იარაღით დატვირთული თურქული გემი გაანადგურეს
ამბოხებული ლიბიელი გენერლის ძალები აცხადებენ, რომ ტრიპოლის პორტში იარაღით დატვირთული თურქული გემი გაანადგურეს

ლიბიაში, ტრიპოლის პორტზე თავდასხმა განხორციელდა. როგორც ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის მეთაურობით მოქმედი ლიბიის ეროვნულ არმიაში აცხადებენ, არმიის ძალებმა ტრიპოლის პორტში თურქული გემი გაანადგურეს.

ლიბიის ეროვნული არმიის ცნობით, თურქულ გემს შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის იარაღი და საბრძოლო აღჭურვილობა გადაჰქონდა.

პორტზე მიტანილი იერიშის შემდეგ ნავსადგურში მყოფი ხომალდებიდან, მათ შორის ნავთობტანკერებიდან ეკიპაჟის ევაკუაცია განხორციელდა.

იანვარში თურქეთმა ლიბიაში სამხედრო მოსამსახურეები გაგზავნა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ლიბიის ეროვნული ერთიანობის მთავრობას უჭერს მხარს. აღნიშნული მთავრობის წინააღმდეგ იბრძვის მუამარ კადაფის ყოფილი მოკავშირე გენერალი ხალიფა ჰაფთარი, რომლის ლიბიის ეროვნული არმია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს და ტრიპოლისკენ მიიწევს.

იანვარში ბერლინში ლიბიის საკითხზე გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ლიბიისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ემბარგოს გამოცხადებაზე შეთანხმდნენ.