ამაზონის ტროპიკული ტყის შუაგულში მცხოვრები მურას ტომის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავიანთ მიწას არ დატოვებენ [ფოტო]
ამაზონის ტროპიკული ტყის შუაგულში მცხოვრები მურას ტომის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავიანთ მიწას არ დატოვებენ [ფოტო]

ამაზონის ტროპიკული ტყის შუაგულში მცხოვრები მურას ტომის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავიანთ მიწას არ დატოვებენ, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ. ამაზონის ტყის მკვიდრი ტომის წარმომადგენლის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მურას ტომს ამაზონის ტყის დასაცავად ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. დღეს ბრაზილიაში მურას დაახლოებით 15 ათასი წარმომადგენელი ცხოვრობს. მკვიდრი ტომისთვის ამაზონის ტყეში სპეციალური ზონებია გამოყოფილი, სადაც მათ წინაპართა ტრადიციების შესაბამისად თევზჭერა და ტყის პროდუქტების მოპოვება შეუძლიათ. დღეს მურას ტომის ბევრი წარმომადგენელი შიშობს, რომ ამაზონის ტყის განადგურება მათ ტრადიციებს საფრთხეს უქმნის.

მურას ტომის ლიდერი პირობას დებს, რომ ფერმერებისგან, გაჩეხვისგან და ხანძრებისგან ტყის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

„ეს განადგურებაა. მე მზად ვარ, ამ ტყისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლო. ამ ხეების სიცოცხლე განადგურებულია. თქვენ ხედავთ ამ ზარალს, თეთრკანიანი ადამიანის მიზანი ამის დასრულებაა. ჩვენი მიზანი კი, ამ მიწის, ბუნების, ხეებისა და ცხოველების დაცვაა“, – განაცხადა ტომის ლიდერმა, რაიმუნდო მურამ.

„ის, რაც აქ გაკეთდა, ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეა. არავინ ელოდა, რომ ეს მოხდებოდა, თუმცა ეს მოხდა და ჩვენ ამას ვგრძნობთ. წლების განმავლობაში ჩვენ წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობთ. ყოველდღიურად ვხედავთ ტყის ჩეხვას, ინტერვენციას. ტყე კვდება, ჩვენ ვგრძნობთ კლიმატურ ცვლილებებს. მსოფლიოს სჭირდება ეს ტყე. ჩვენ და ჩვენს შვილებს სჭირდება ის“, – აღნიშნავს ტომის კიდევ ერთი წარმომადგენელი.

ეკოლოგების ნაწილი ამაზონის ტყეში ხანძრის კერების სიმრავლეს ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს პოლიტიკას უკავშირებს. ეკოლოგიური ორგანიზაცია „გრინფისი“ მიიჩნევს, რომ მიმდინარე წელს ხანძრის კერების მკვეთრი ზრდა ტერიტორიის ტყისგან გაწმენდას ემსახურება, რათა აღნიშნულ რეგიონში მომპოვებელი საწარმოები განვითარდეს და ფერმები შეიქმნას. აღსანიშნავია, რომ ბოლსონარუ ფერემერებისთვის ეკოლოგიური ჯარიმების წინააღმდეგ გამოდის და ადგილობრივი ნაკრძალების განვითარებისთვის გახსნას ემხრობა.

ამჟამად „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა დაფიქსირებული. ამაზონის ტყეში ხანძარი გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეა, რადგან ეს ტროპიკული ტყე პლანეტის ჟანგბადის 20 პროცენტს გამოიმუშავებს.

დატოვე კომენტარი