თამარ ჩუგოშვილი - შალვა თადუმაძეს წლიური ანგარიშის პარლამენტში წარდგენა 15 მაისამდე მოუწევს
თამარ ჩუგოშვილი - შალვა თადუმაძეს წლიური ანგარიშის პარლამენტში წარდგენა 15 მაისამდე მოუწევს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს წლიური ანგარიშის პარლამენტში წარდგენა 15 მაისამდე მოუწევს.

ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი შალვა თადუმაძის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებაზე „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ მთავარი პროკურორის დაბარების უფლება არ აქვთ.

„ამის უფლება კომიტეტის წევრთა უმრავლესობას აქვს. თუ კომიტეტი საჭიროდ ჩათვლის, ამას გააკეთებს, მაგრამ მთავარ პროკურორს წლიური ანგარიშის წარდგენა 15 მაისამდე ისედაც უწევს. „ევროპულ საქართველოს“ ერთი და იმავე პირების დაბარება რუტინაში გადაუვიდა. თუ დეპუტატებს სურვილი აქვთ, შალვა თადუმაძეს ანგარიშის წარდგენამდე მოუსმინონ, მაშინ ამ საკითხს კომიტეტის წევრების უმრავლესობამ მხარი უნდა დაუჭიროს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას ​საქმეზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და შალვა თადუმაძის მისვლას ითხოვს.

სერგი კაპანაძის განცხადებით, ია კერზაიას საქმეზე დღემდე არავინ დასჯილა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც სკოლის დირექტორზე ზეწოლას ახორციელებდნენ, ჯერ კიდევ თანამდებობებზე რჩებიან.

რეგლამენტის შესაბამისად, გენერალურ პროკურორს საკანონმდებლო ორგანოს პროკურატურის გასული წლის საქმიანობის შესახებ პირველი ანგარიშის წარდგენა 15 მაისამდე მოუწევს. შალვა თადუმაძე პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, ასევე პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

რეგლამენტში დაკონკრეტებულია, რომ ანგარიში კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს არ შეიცავს.