ალუდა ღუდუშაური – ყველა საკითხზე გვქონდა ამომწურავი, საქმიანი და კომპრომისული შემხვედრი ნაბიჯები, რასაც ვერ ვიტყვით ოპონენტებზე

11:13, 31.03.2021

ყველა საკითხზე გვქონდა ამომწურავი, საქმიანი და კომპრომისული შემხვედრი ნაბიჯები, რასაც ვერ ვიტყვით ოპონენტებზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპონენტებმა დესტრუქციული ნაბიჯების გზას ირჩევს და უარი თქვა შეთანხმების მიღწევაზე.

„ერთგული დავრჩით ჩვენი საზოგადოების და ყველამ ცხადად დაინახა ის ნაბიჯები, რომელიც ყველა იმ პუნქტთან მიმართებაში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა. ყოველგვარი შეთანხმების მიუხედავად, მაგალითად, საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ და უაღრესად მნიშვნელოვან ცვლილებებს ვახორციელებთ. ასევე მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით სრულად გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის შენიშვნები. კიდევ უფრო მეტად ღია და საჯარო გავხადეთ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ნომინირების და შემდეგ შერჩევის პროცესი. შეუთანხმებლობის მიუხედავად, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მუშაობას და ბოლომდე მივიყვანთ.

პრაქტიკულად, ძალიან მკაფიოდ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ პოზიცია ყველა იმ საკითხზე, რომელიც წამოჭრილი იყო მოლაპარაკებებზე ჩვენი მედიატორების მხრიდან. ყველა საკითხზე გვქონდა ამომწურავი, საქმიანი და კომპრომისული შემხვედრი ნაბიჯები, რასაც ვერ ვიტყვით ოპონენტებზე. მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტების კომენტარები. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკური ძალა, ხოლო მეორე მხარეს არის კრიმინალ სააკაშვილთან გაერთიანებული ოპოზიცია.

„ქართული ოცნება“ მაღალი პასუხისმგებლობით უდგება საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ჩვენი დღის წესრიგი აგებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო ოპონენტების ინტერესი ნაკარნახევია პირადად მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, რატომ არ იღებს ხელისუფლება პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მოლაპარაკებები ვერ შედგა და ჩაიშალა, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ოპონენტი მხარე დესტრუქციული ნაბიჯების გზას ირჩევს და უარი თქვა შეთანხმების მიღწევაზე, ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ მაინც აიღო.

„სამწუხაროა, როდესაც ტოლობის ნიშანს სვამთ და ცდილობთ, რომ ისე დასახოთ, რომ თურმე ოპოზიციის თანაბარ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ეს ასე არ არის. მაგალითად, როდესაც საუბარია საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმაზე, აქ ოპოზიციას სად ვხედავთ?! ოპოზიციას ვხედავთ ქუჩაში, კარავში, დესტრუქციაში, ვხედავთ სახელმწიფო ინსტიტუციების პიკეტირებასა და ადამიანების ბულინგში. აქ ვხედავთ ოპოზიციის კონსტრუქციას და მათ პასუხისმგებლობას. ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ პარლამენტში შემობრძანებულიყო, იქ ემსჯელა, უკეთესად როგორ წარმოუდგენია მართლმსაჯულების რეფორმა, უკეთესად როგორ წარმოუდგენიათ საარჩევნო რეფორმა. მაგრამ მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ თამამი ნაბიჯი გადადგა. იმის მიუხედავად, ოპონენტი მხარე დესტრუქციული ნაბიჯების გზას ირჩევს და უარი თქვა შეთანხმების მიღწევაზე, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა მაინც ავიღეთ. ამას ცალმხრივად ბოლომდე მივიყვანთ, ვგულისხმობ როგორც მართლმსაჯულების, ისე საარჩევნო რეფორმას“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამასთან, კრისტიან დანიელსონმა გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

მსგავსი