ალუდა ღუდუშაური - ვიოლა ფონ კრამონი ფაქტობრივად ეთანხმება შეფასებას, რომ ოპოზიცია საბოტაჟს უწყობს თავის ქვეყანას, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია
ალუდა ღუდუშაური - ვიოლა ფონ კრამონი ფაქტობრივად ეთანხმება შეფასებას, რომ ოპოზიცია საბოტაჟს უწყობს თავის ქვეყანას, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადება ვფიქრობ, ყურადსაღებია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმა, რომ ოპოზიციამაც უნდა იკისროს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის, საკუთარი საზოგადოების, ამომრჩევლების წინაშე და მათ რეალურად უნდა განახორციელონ მოვალეობა, რომელიც დაეკისრა ჩვენმა საზოგადოებამ და მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, ფაქტობრივად კრამონი ეთანხმება შეფასებას, რომ ოპოზიცია საბოტაჟს უწყობს თავის ქვეყანას, საზოგადოებას, რაც კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია.

„ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ მათი მხრიდან საუბარია ერთგვარ საბოტაჟზე და დაუსაბუთებლად უარის თქმაზე, რაც მოქალაქეებმა მათ სრულიად ლეგიტიმურად დააკისრეს, ვფიქრობ, ჩვენ ამ განცხადებაში მარტო არ ვართ. ვხედავთ, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის საზოგადოება, სრულიად შეთანხმებულია იმ მარტივ პრინციპებზე, რომელიც გულისხმობს, რომ არჩევნებში როდესაც იღებ მონაწილეობას, პასუხისმგებლობა გაქვს, რომ შემდეგ ეს მანდატი რეალობაში განახორციელო, შენი ამომრჩევლის ხმა გააჟღერო ისეთ მაღალ ტრიბუნაზე, როგორიც არის პარლამენტი. ჩვენ იმთავითვე ვაცხადებდით, თუ ვინმე იყო კომპრომისული ამ მოლაპარაკებაზე, იყო „ქართული ოცნება“, ჩვენი პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკური ძალა, მთელი რიგი პროექტები, რომელზეც იყო საუბარი, რაზეც შეიძლებოდა შეთანხმება, ჩვენის მხრიდან ყველა ეს პირობა შესრულებულია პრაქტიკულად, უკვე განხორციელებულია. ჩვენ ვნახეთ, სასამართლოებთან მიმართებაში მთლიანად გავიზიარეთ ვენეციის კომისიის დასკვნა და შენიშვნები“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, უკვე საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში ჯგუფის შექმნილია, დადებულია დოკუმენტი და წერტილი აქვს დასმული ყოველგვარ სპეკულაციებს, ასევე დაინიცირებულია კონსტიტუციაში ცვლილება, ეს ეხება ბარიერის დაწევას, რომ შესაძლებლობა მიეცეთ პატარა პარტიებს, მრავალპარტიულ პარლამენტში მიიღონ მონაწილეობა.

„ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება ოპოზიციური პარტიების შემოსვლა პარლამენტში, რომ მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს და მისცენ შესაძლებლობა უკეთესი საქართველოს, მაგრამ ამის სანაცვლოდ ჩვენ ვხედავთ დესტრუქციას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მზადყოფნას ვაცხადებთ, ისეთი კომპრომისული ნაბიჯები, რომელიც დაფუძნებულია საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის და რაც მთავარია, სამართლიანობის პრინციპებზე, მზად ვართ, რომ ახლაც განვიხილოთ და მოვაწეროთ ხელი“, – განაცხადა ღუდუშაურმა.