ალუდა ღუდუშაური - თავი დავანებოთ სასამართლო განრიგის დაწესებას, სასამართლომ თქვა, რომ გვარამიამ შვიდი მილიონი მოპარა მედიას, არ მგონია, მედიისთვის ფულის მომპარავის შეწყალება რელევანტური იყოს
ალუდა ღუდუშაური - თავი დავანებოთ სასამართლო განრიგის დაწესებას, სასამართლომ თქვა, რომ გვარამიამ შვიდი მილიონი მოპარა მედიას, არ მგონია, მედიისთვის ფულის მომპარავის შეწყალება რელევანტური იყოს

როცა პრეზიდენტი, როგორც ყოფილი მაღალი რანგის დიპლომატი საუბრობს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ, რა არის დროული და რა არა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ალუდა ღუდუშაურმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას დაკავება პოლიტიკურად არ იყო დროული.

როგორც ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი, შეუვალი და ასეთი განცხადებები მხოლოდ აზიანებს არა მარტო სასამართლოს, არამედ პირდაპირ ურტყამს დემოკრატიის ფესვებში.

„თავი დავანებოთ სასამართლო განრიგის დაწესებას, რა დროულია და რა – არა. ვინმეს მოსწონს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, ამისთვის მოიმარჯვონ საწერი კალმები თუ ელექტრონული საშუალებები, დაწერონ სააპელაციო საჩივარი და გაასაჩივრონ. არ მინდა, სპეკულაციებში შესვლა, მაგრამ როცა ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე საუბრობს და აბსოლუტურად სწორად ამბობს, რომ შეწყალება პოლარიზაციას გაზრდის, ვიტყვი, რომ ვინმე თუ პოლარიზაციის უმთავრესი წყაროა, ეს არის გვარამია და მასთან მიმართებით შეწყალების აქტის გამოცემა კიდევ უფრო მეტად გაზრდის ამ ყველაფერს, რაც იქნება არასამართლიანი და არაობიექტური იმ რეალობაში, როცა სასამართლომ თქვა, რომ გვარამიამ შვიდი მილიონი ლარი მოპარა მედიას და როცა მედიის დამოუკიდებლობასა და განვითარებაზე ვმსჯელობთ, არ მგონია, მედიისთვის ფულის მომპარავის შეწყალება რელევანტური იქნება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.