ალუდა ღუდუშაური - სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს დაშავებულთათვის და გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, ასევე, მოგვიწევს უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გამკაცრებაზე ფიქრი
ალუდა ღუდუშაური - სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს დაშავებულთათვის და გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, ასევე, მოგვიწევს უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გამკაცრებაზე ფიქრი

ძალიან მძიმე ფაქტია, სიტყვების პოვნა ძალიან მძიმეა. სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს დაშავებულთათვის და გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, ასევე, მოგვიწევს უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო მეტად გამკაცრებაზე ფიქრი, – ამის შესახებ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა გუდაურში განაცხადა.

დეპუტატი გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც რამდენიმე საათის წინ სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენი ჩამოვარდა.

ალუდა ღუდუშაურმა გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ბუნებრივია, ჯერ სრულყოფილი ინფორმაცია არ გვაქვს და მიმდინარეობს ღონისძიება. ძალიან დიდი ტრაგედიაა და მინდა ყველას, ვინც დაშავებულია, ვინც სამწუხაროდ, გარდაცვლილია, ასეთებიც არის მინდა ყველას მივუსამძიმრო – ოჯახებს, მთლიანად საქართველოს. ძალიან მძიმე ფაქტია, სიტყვების პოვნა ძალიან მძიმეა, თუმცა სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს მათი ოჯახებისთვის. ვისურვებდი, რომ ასეთი ფაქტი, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ, არ მომხდარიყო. მოგვიწევს უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო მეტად გამკაცრებაზე ფიქრი. თითოეული ჩვენგანი ძალიან დამწუხრებულია.

ჩვენ გვყავს გმირი პოლიციელები, გმირი სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოს, ეს მართლაც ფასდაუდებელია. ეს არის თავგანწირვის თვალსაჩინო მაგალითი, რომ თითოეული სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, პოლიციელი, თუ სახელმწიფო სამსახურში მყოფი ნებისმიერი პირი ასრულებს თავის მოვალეობას პირნათლად, მეტიც – გმირულად. ქედს ვიხრი თითოეული ამ ადამიანის წინაშე და ამაყი ვარ, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი გმირი ადამიანები, რომლის თავგანწირვის მაგალითიც თითოეულმა ჩვენგანმა და მთლიანად ქვეყანამ ვიხილეთ.

მისივე თქმით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

„ჯერ ნაადრევია რამეზე საუბარი, ვიდრე შესაბამისი უწყებისგან არ გვექნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება და ამას დრო სჭირდება. რაც შეეხება ზოგადად ავიაციას, ჩვენ გვყავს ისეთი მაღალი რანგის პილოტები ავიაციის თანამშრომლები, რომელთა სანიმუშო, გმირული ქცევა და მაღალი კვალიფიკაცია ეჭვგარეშეა, ესაა ფაქტი. საუბარი იმაზე, თუ რა მოხდა ნაადრევია, ვიდრე არ ჩატარდება სრულყოფილი გამოძიება. რეგულაციების გადახედვაზე როცა ვსაუბრობთ, შეიძლება იყოს პარაპლანებთან მიმართებაში, თუმცა აქაც, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის პირველადი ინფორმაცია და საუბარი რაიმეზე ნაადრევია. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა და რაც ხელის გულზე დევს ისაა, რომ ქართული ავიაციის სამაშველო სამსახურის გმირული საქციელის მომსწრენი ვართ. როდესაც ღონისძიება დასრულდება, შეგვეძლება დეტალებზე საუბარი. შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რომ თუ რაიმე შანსი მაინც არის, იქნეს მაღალ დონეზე გამოყენებული ის შანსი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.