ალუდა ღუდუშაური - სახალხო დამცველს ინფორმაცია თუ ჰქონდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო დანაშაულებზე გამოძიება მიმდინარეობდა, აქამდე რას ელოდებოდა
ალუდა ღუდუშაური - სახალხო დამცველს ინფორმაცია თუ ჰქონდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო დანაშაულებზე გამოძიება მიმდინარეობდა, აქამდე რას ელოდებოდა

სახალხო დამცველს ინფორმაცია თუ ჰქონდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო დანაშაულებზე გამოძიება მიმდინარეობდა, აქამდე რას ელოდებოდა – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისი თქმით, კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, სუბიექტურად ხომ არ ხდება ახლა ამ საკითხის გააქტიურება.

„სახალხო დამცველს ინფორმაცია თუ ჰქონდა, რომ სავარაუდო მძიმე დანაშაულებზე გამოძიება მიმდინარეობდა, მთელი ამდენი ხნის განმავლობაში რას ელოდებოდა? ამაზე განგაში იყო ასატეხი არა ახლა, არამედ თავის დროზე. ეს იმას არ გამორიცხავს, რომ დღეს აქტიური ქმედება არ განახორციელო. ნებისმიერ კითხვას, რომელიც არის ბავშვებთან მიმართებაში, პასუხი უნდა გაეცეს.

სახელმწიფო ყველა ასეთ საკითხთან მიმართებაში ეფექტურად რეაგირებს, მაგრამ მკაფიოდ მინდა გითხრათ, სახელმწიფო სუბიექტური მიდგომების ავანგარდში ვერ იქნება. ყოველგვარი ხმაური, რომ თითქოს მთელი ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფო არაეფექტური იყო, რაღაც ხდება და ვინმეს ხელს აფარებს, ეს არის სიტუაციის ძალიან ცუდი კონტექსტიდან დანახვის მცდელობა.

შეიძლება არსებობდეს კითხვის ნიშნები ამ ფაქტთან დაკავშირებით, რატომ ხდება ახლა და ხელოვნურად ხომ არ ხდება ფაქტების ამდაგვარად წარმოჩენა? სახელმწიფო ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს ბავშვების დაცვისთვის. საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ და ვიყოთ ობიექტურები“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.