ალუდა ღუდუშაური – სადმე თუ იპოვით იმ ოპოზიციას, რომელიც თავის თავს რადიკალურ და პრინციპულ ოპოზიციას უწოდებს, მადლობელი დაგრჩებით, მათ ქართველი ხალხი ვერ პოულობს

13:42, 29.09.2026

თუ სადმე იპოვით რეალურ და იმ ოპოზიციას, რომელიც თავის თავს რადიკალურ და პრინციპულ ოპოზიციას უწოდებს, მადლობელი დაგრჩებით, მათ ქართველი ხალხი ვერ პოულობს, ეს ადამიანები თავიანთი პოლიტიკური საქმიანობის პერიოდში არასოდეს ყოფილან საქართველოსთან და ქართველ ხალხთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები იყვნენ თავიანთ ვიწრო პარტიულ ინტერესებთან, ბოროტებასთან და იქ, სადაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიოდა გამალებული შტურმი.

„რა თქმა უნდა, ამ ადამიანებსა და ამ ე.წ. პოლიტიკურ სუბიექტებს ვერ იპოვით. რაც შეეხება კვლევას, ვიტყოდი, რომ ეს კვლევა ვერ ასახავს რეალობას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ კვლევის შედეგები გასაკვირია. კვლევის მიხედვით, ამ კოლექტიურ რადიკალებს 16% აქვს. ჩემთვის ეს არ არის სარწმუნო, რადგან ძნელად წარმოსადგენია, რომ საქართველოს მოსახლეობის 16% მხარს უჭერდეს ქვეყნისა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ჩვენი, მმართველი პოლიტიკური ძალის ნიშნული გაცილებით მაღალია. ალოკაციით თუ ჩავთვლით, 60%-ის ფარგლებშია. ახლა ეს ადამიანები ალიაქოთს ატეხენ, მაგრამ დამშვიდდნენ და დაწყნარდნენ. ზედმეტ აჟიოტაჟს ნუ შექმნიან – 2028 წელს იქნება არჩევნები და მათ არჩევნებზე ველოდებით. რა თქმა უნდა, მათ, ვისი ქმედებებიც საკონსტიტუციო ფილტრს გაივლის“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“, 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.

მსგავსი