ალუდა ღუდუშაური - სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სულ თავში უნდა გირტყათ იმ ადამიანებს, ვინც წააქეზეთ და ასეთ დღეში ჩააგდეთ
ალუდა ღუდუშაური - სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სულ თავში უნდა გირტყათ იმ ადამიანებს, ვინც წააქეზეთ და ასეთ დღეში ჩააგდეთ

სტრასბურგის სასამართლომ გითხრათ, რომ ქვეყნის დაზიანებას, სპეკულაციას თავი დაანებეთ და კაცობა დაიწყეთო, მაგრამ ჩვენ შორს ვართ იმ ილუზიისგან, რომ თქვენ რაიმე სახით სწორ გზას დაადგებით, ან ქვეყნის დაზიანებას თავს დაანებებთ, ან პოლიტიკურ პარაზიტირებას თავს დაანებებთ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება არის მოწოდების სიმაღლეზე.

„იმ ადამიანების გასაგონად, რომლებიც პარაზიტირებდით სააკაშვილის თემით და, სხვათა შორის, ეს ბატონი სააკაშვილის დედამაც თქვა, რომ მისი შვილის ხარჯზე პარაზიტირებს სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტიო, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ თავი დაანებოთ ამ ყველაფერს. ხარება და გოგია გამახსენდა ამასთან დაკავშირებით, ოღონდ შებრუნებით, იქ რომ არის დუქნის დაკეტვასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლომ გითხრათ, რომ ქვეყნის დაზიანებას, სპეკულაციას თავი დაანებეთ და კაცობა დაიწყეთო, მაგრამ ჩვენ შორს ვართ იმ ილუზიისგან, რომ თქვენ რაიმე სახით სწორ გზას დაადგებით, ან ქვეყნის დაზიანებას თავს დაანებებთ, ან პოლიტიკურ პარაზიტირებას თავს დაანებებთ. დღევანდელი დღეც ამის მაგალითია. დარწმუნებული ვარ, ჩემ შემდეგაც გამოლაგდებით და აქ წიოკს გამართავთ იმასთან დაკავშირებით, რომ თემას არ უშვებთ ხელიდან, რომ ასეთი სპეკულაციები განავითაროთ, მაგრამ ახლა გეუბნებით, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ, დიახ, საქართველოს მართლმსაჯულება არის მოწოდების სიმაღლეზე. საქართველოს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე და მთავარი და მნიშვნელოვანი, ჩვენ ვიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე, როგორც წამყვან ევროპულ ქვეყნებში არის ეს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

უმრავლესობის დეპუტატმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ბოდიში მოუხადონ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს.

„მინდა, გითხრათ, ამ სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ბოდიში მოუხადოთ ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ხალხს. კეთილი ინებოთ, გამოხვიდეთ და ბოდიში მოუხადოთ იმ კამპანიისთვის, როდესაც თქვენ ტალახს ესროდით და აზიანებდით ჩვენს ქვეყანას. დიახ, თქვენ ის ხალხი ხართ, ეს იმ მსჯელობის გაგრძელებაა, როდესაც ქალბატონი სამადაშვილი ერთ-ერთ ტელევიზიაში პირდაპირ, ღიად, საჯაროდ ამბობდა, რომ, დიახ, თქვენი სურვილი არის, რომ საკუთარ ქვეყანას დაუწესდეს სანქციები, საკუთარ ხალხს დაუწესოთ სანქციები. ეს იმის გაგრძელებაა, რომ საქართველოში თითქოს სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა და ა.შ. თითქოს სააკაშვილის ვიღაცა კლავს. მინდა, გითხრათ, რომ როდესაც პატიმრობა იყო სიკვდილთან გათანაბრებული და პატიმრობა უდრიდა ავტომატურად სიკვდილს, ეს სწორედაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ჩამოშორების დროს ჩავაბარეთ წარსულს. ამიტომ ნუ გერევათ, რა დროში ხართ, რა სიტუაციაში ხართ. ეს არ აგერიოთ. ასევე, მინდა, გამოვუცხადოთ სრული მხარდაჭერა იუსტიციის მინისტრს, ბატონ ბრეგაძეს, მის მოადგილეებს, ყველა რიგით თანამშრომელს, ასევე, იმ მედპერსონალს, რომელიც უძლებს იმ ტალახის სროლას, რომელსაც თქვენ კამპანიური ხასიათი მიეცით. მათ ბოდიში უნდა მოუხადოთ.

ამავდროულად, სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ თუ რაიმე უნდა გააკეთოს, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზეთ, ვინც ის ასეთ დღეში ჩააგდეთ, სულ თავში უნდა გირტყათ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.