ალუდა ღუდუშაური - როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნათლად გააცნობიერა, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა მათი დასასრულის დასაწყისი იქნება
ალუდა ღუდუშაური - როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნათლად გააცნობიერა, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა მათი დასასრულის დასაწყისი იქნება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააცნობიერა, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა მათი დასასრულის დასაწყისი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„არანაირი დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება უკვე პარლამენტში, თუ პარლამენტს გარეთ. როგორც ჩანს, მათმა რეალურმა მმართველმა, მიხეილ სააკაშვილმა დაავალა, რომ ახლა უკვე უნდა გადმოიტანონ პროცესები პარლამენტში. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ პარლამენტს აქვს დღის წესრიგი, ჩვენ ვმუშაობთ იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს ჩვენ ქვეყანას და აქვს ჩვენ საზოგადოებას. „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი უკვე კარგა ხანია, აცდენილია როგორც ჩვენი საზოგადოების, ასევე ჩვენი ქვეყნის საჭიროებებს.

როგორც ჩანს, მათ ნათლად დაინახეს, რა მოუტანა რადიკალურმა ნაბიჯებმა „ევროპულ საქართველოს“, რომელიც უკვე პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, აღარ არსებობს, ან თუ არსებობს, არის ერთი კაცის პარტია. ნათლად გააცნობიერეს, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა მათი დასასრულის დასაწყისი იქნება, ხოლო მათი მარცხის აღიარება იქნება პარლამენტში მათი შემოსვლა“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც პარტიის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე გადაწყდება, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში.