ალუდა ღუდუშაური - ოპოზიციამ მოლაპარაკებებზე წარმოადგინა ულტიმატუმი და ვიწროპარტიული ინტერესებით ნაკარნახევი დღის წესრიგი
ალუდა ღუდუშაური - ოპოზიციამ მოლაპარაკებებზე წარმოადგინა ულტიმატუმი და ვიწროპარტიული ინტერესებით ნაკარნახევი დღის წესრიგი

ოპოზიციამ მოლაპარაკებებზე წარმოადგინა ულტიმატუმი და ვიწროპარტიული ინტერესებით ნაკარნახევი დღის წესრიგი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ გააცნობიერა საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესები.

„ვფიქრობ, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, ყველამ ნათლად დაინახა ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ვფიქრობ, აკაკი მინაშვილმა ძალიან გულწრფელი აღიარებითი პოზიცია დააფიქსირა, რომ თურმე მათი მხრიდან კომპრომისი ყოფილა ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ. როდესაც მათ ასეთ ფორმატში გადააქვთ საუბარი და პოზიციონირებენ ასეთი აბსურდული წინადადებებით, ცხადზე ცხადია, რომ ვერ მოხერხდებოდა შეთანხმება გასაგები მიზეზის გამო. სახელმწიფოს და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ნამდვილად ქმედითი და ხელშესახები ნაბიჯები, რათა დაიძლიოს არსებული გამოწვევები.

როდესაც საუბრობენ, რომ თითქოს არ იყო სიღრმისეული წინადადებები წარმოდგენილი, მათ რა წარმოადგინეს? მათ წარმოადგინეს ულტიმატუმი, მათ წარმოადგენს დღის წესრიგი, რომელიც არის კონკრეტული პირებისგან, მიხეილ სააკაშვილისგან და ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე, შანტაჟი თუ რაც გნებავთ, ის დაარქვით, გარდა კონსტრუქციული ნაბიჯებისა. ამით ცდილობდნენ, როგორმე მიეღწიათ მიზნისთვის, რასაც მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესი ჰქვია. სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ვერ გააცნობიერეს, რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გარდა, არსებობს უფრო მაღალი ინტერესი, რომელსაც ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესები ჰქვია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.