ალუდა ღუდუშაური - ნურავის გაუკვირდება, რომ ძირითადი ხაზი მიმართულია, არჩევანი გავაკეთოთ ისეთ სახალხო დამცველზე, რომელიც იქნება ნეიტრალური, მიუკერძოებელი და პოლიტიკისგან დაცლილი
ალუდა ღუდუშაური - ნურავის გაუკვირდება, რომ ძირითადი ხაზი მიმართულია, არჩევანი გავაკეთოთ ისეთ სახალხო დამცველზე, რომელიც იქნება ნეიტრალური, მიუკერძოებელი და პოლიტიკისგან დაცლილი

ჩვენ ღიად ვთქვით, რომ ქვეყანას ობიექტური და მიუკერძოებელი სახალხო დამცველი უნდა ჰყავდეს, რომელიც უნდა იყოს ფოკუსირებული თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვისკენ და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, სახალხო დამცველი პოლიტიკისგან დაცლილი უნდა იყოს.

„ნურავის გაუკვირდება, რომ ძირითადი ხაზი მიმართული იქნება იმისკენ, რომ ჩვენ არჩევანი გავაკეთოთ ისეთ სახალხო დამცველზე, რომელიც იქნება ნეიტრალური, მიუკერძოებელი და პოლიტიკისგან დაცლილი. სკრუპულოზურად დააკვირდით, რომ კანდიდატები არა მას შემდეგ აკეთებდნენ ნეიტრალურ განცხადებებს, რაც უკვე კანდიდატები გახდნენ, არამედ ტესტი ბუნებრივია, გულისხმობს იმას, რომ თავიანთი მსოფლმხედველობით იქნება თუ ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ნეიტრალურები იყვნენ. აქ საუბარი არ არის, რომ ვინმეს კრიტიკა არ შეიძლება, არამც და არამც ასე არ არის, მაგრამ ობიექტურები უნდა იყვნენ. მაგალითად, როდესაც კანდიდატი ყოველგვარი არგუმენტის გარეშე იძახის, რომ თურმე ხმების 70 პროცენტი არჩევნებზე არის გაყალბებული და არსაიდან მოაქვს ეს ციფრი, კითხვა გაჩნდება, რომ თუ ლეგიტიმურად არ მიიჩნევ ორგანოს, მაშინ როგორღა მოხვედი და ითხოვ ლეგიტიმაციას ამ ორგანოსგან“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, როდესაც პირს სახალხო დამცველობაზე აქვს პრეტენზია, კითხვები მის წარსულ განცხადებებთან დაკავშირებითაც შეიძლება, გაჩნდეს.

„გარდა მიუკერძოებლობისა და ობიექტურობისა, როცა სახალხო დამცველობაზე გამოთქვამ პრეტენზიას, კითხვა დაისმება გუშინდელ და გუშინწინდელ განცხადებებზეც, როცა იმ ადამიანებს, ვისი ინტერესების დაცვაზეც დღეს გაქვს პრეტენზია, ნეშომპალას უწოდებ ან ყრუ და მუნჯებად ყოფ საზოგადოებას, ასე კნინობით ფორმაში მოიხსენიებ. ცხადია, კითხვები იქნება და ეს ნურავის გაუკვირდება. თუნდაც, ბურჯანაძემ გუშინ უარყო და თქვა, რომ მაგალითად, აქციასთან დაკავშირებით არაფერს მოუწოდებდა, სანამ კონკრეტული მტკიცებულება არ დავუდეთ. უნდა დარჩნენ ადამიანები ისეთები, როგორიც არიან და საზოგადოება შეაფასებს ამ პროცესს. როდესაც საზოგადოებას მიმართავ, რომ თურმე ნეშომპალები ყოფილან და ყრუ-მუნჯები, როცა შეურაცხყოფას აყენებ საზოგადოების დიდ ნაწილს, როგორ უნდა დაუჭიროს მხარი მათ საზოგადოებამ, ჩემთვის წარმოუდგენელია“, – განაცხადა ღუდუშაურმა.