ალუდა ღუდუშაური - „ნაციონალური მოძრაობა“ არის საკმაოდ დაბნეული, ელოდებიან დირექტივას, რომელსაც ეტყვის მათი ფარაონი, ბატონი სააკაშვილი
ალუდა ღუდუშაური - „ნაციონალური მოძრაობა“ არის საკმაოდ დაბნეული, ელოდებიან დირექტივას, რომელსაც ეტყვის მათი ფარაონი, ბატონი სააკაშვილი

როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური მმართველი, ბატონი მელია უნდა ეახლოს ფარაონს, მიიღოს დირექტივები და შემდეგ გადაწყვეტენ, რა გზით წავიდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას, ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ზაალ უდუმაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის კომუნიკაციაში შეფერხებაა. ალუდა ღუდუშაურის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილისგან დირექტივებს ელოდებიან.

„როგორც ჩანს, ზაალ უდუმაშვილი ვეღარ იღებს ბატონი სააკაშვილისგან მესიჯბოქსს. როგორც ჩანს, მათ კომუნიკაციაში შეფერხებაა, ამდენად სრულ დაბნეულობაში და გაურკვევლობაში არიან. რასაკვირველია, ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრაქტიკულად ხელმძღვანელი და მათი მეთაური არის ბატონი სააკაშვილი, რომელიც არის კრიმინალი და უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამდენად, „ნაციონალური მოძრაობა“ საკმაოდ დაბნეულია. ბუნებრივია, ელოდებიან იმ დირექტივას, რასაც ეტყვის მათი ფარაონი – ბატონი სააკაშვილი. ამდენად, როგორც ჩანს, ახლა უკვე პარტიის ფორმალური, დე იურე მმართველი ვინც არის, ანუ ბატონი მელია, უნდა ეახლოს ფარაონს, მიიღოს დირექტივები და შემდეგ გადაწყვეტენ, რა გზით წავიდნენ. მაგრამ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ, მაინც რჩებიან ქუჩაში და კარვებში. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი სახე“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ან ზოგადად, ოპოზიცია საპროტესტო აქციებზე უარს არ ამბობს და არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართება.