ალუდა ღუდუშაური - კომისიას მიხეილ სააკაშვილით და მისი ძმებით ვერ დავაკომპლექტებთ, ასევე ვერ შემოვიყვანთ ნიკა გვარამიას
ალუდა ღუდუშაური - კომისიას მიხეილ სააკაშვილით და მისი ძმებით ვერ დავაკომპლექტებთ, ასევე ვერ შემოვიყვანთ ნიკა გვარამიას

ბოდიშს ვიხდით, რომ საქართველოში, ლეგიტიმურ ორგანოში, რომელსაც პარლამენტი ჰქვია, ვერ გავუღებთ კარს და კომისიას ვერ დავაკომპლექტებთ მიხეილ სააკაშვილით და მისი სხვა ძმანით, ასევე კომისიაში ვერ შემოვიყვანთ ნიკა გვარამიას ან რომელიმე მათ ანგაჟირებულ პირს, რომ კომისიას ლეგიტიმური უწოდონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებაზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

დეპუტატი ოპონენტებს კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„როცა „ნაციონალურ მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ, თუ რაიმე აქვთ წარმოსადგენი, მათ კომისიაში ველოდებით. მზად ვარ, მათ მიერ მოწოდებულ მტკიცებულებებზე ვიმსჯელოთ. კომისია მოწოდებული იქნება იმის დასადგენად, ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცეს, მართლაც რასთან გვაქვს საქმე. თუ ერთპროცენტიანი გადახრა იქნება ჩვენს სასარგებლოდ, მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნებზე ვიმსჯელოთ. შევისწავლით ყველა ხარვეზს და პრეტენზიას, რომელიც შეიძლება იყოს. საქართველოში ჩატარდა სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. თუ სხვა არგუმენტი აქვთ, ოპონენტებმა უნდა წარმოადგინონ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.