ალუდა ღუდუშაური - გვიკიჟინებენ, თურმე სააკაშვილს დემენცია ისეთი ფორმით ჰქონია, ჭკუა არ უნდა მოეკითხებოდეს, დღეს რაღაც სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს, ეს ყველაფერი ურთიერთგამომრიცხავია
ალუდა ღუდუშაური - გვიკიჟინებენ, თურმე სააკაშვილს დემენცია ისეთი ფორმით ჰქონია, ჭკუა არ უნდა მოეკითხებოდეს, დღეს რაღაც სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს, ეს ყველაფერი ურთიერთგამომრიცხავია

ქვეყნის ფარგლებს გარედან გვიკიჟინებენ, თურმე სააკაშვილისთვის ყოველი დღე მომაკვდინებელია და შეიძლება, მომდევნო დღე აღარც კი დადგეს. გვიკიჟინებენ, რომ სააკაშვილი ისეთ მდგომარეობაშია, დემენცია ისეთი ფორმით ჰქონია, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, ყოფილ პრეზიდენტს ჭკუა საერთოდ არ უნდა მოეკითხებოდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი დღეს გარკვეულ თემებზე სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს, რაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის საპირისპიროა.

„დღეს ვხედავთ, რომ სააკაშვილი რაღაც სიღრმისეულ ანალიზებს აკეთებს და საუბრობს წარსულში საქართველოს ვინ რა ფორმით, რა საშუალებები მიაწოდა. ეს ყველაფერი ურთიერთგამომრიცხავია. მისი მორიგი სასამართლო სხდომა ხვალ არის და მისი აპოლოგეტები წარმატებით დაიკავებენ პლაკატებს და იტყვიან, რომ დღეს სააკაშვილისთვის ბოლო დღეა, თურმე დემენცია და უამრავი სხვა დაავადება ჰქონია. ამ ლოგიკას თუ მივყვებით, არ შეიძლება, მას არათუ სიღრმისეული ანალიზის უნარი ჰქონდეს, მეტყველება უნდა უჭირდეს და ა.შ. თქვენ ხედავდით, როცა სასამართლო სხდომები იმართება, მისი წარმომადგენლები როგორ კარგავენ სახეს და ყველანაირ მორალურ თუ არამორალურ ხაზებს კვეთენ და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, თურმე რაღაც აპოკალიფსური მდგომარეობაა. როცა სააკაშვილი მეორე წუთს ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს ყოფილა მისი მხრიდან ღრმა ანალიზის მქონე განცხადება“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების მიცემაზე უარის თქმა, პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით, ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ“.