ალუდა ღუდუშაური - დარწმუნებული ვარ, პროკურატურას დაწყებული აქვს ჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც დააფიქსირებს პოზიციას, საჭიროა თუ არა გამოძიების დაწყება
ალუდა ღუდუშაური - დარწმუნებული ვარ, პროკურატურას დაწყებული აქვს ჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც დააფიქსირებს პოზიციას, საჭიროა თუ არა გამოძიების დაწყება

დარწმუნებული ვარ, პროკურატურას დაწყებული აქვს ჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც დააფიქსირებს პოზიციას, საჭიროა თუ არა გამოძიების დაწყება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ გავრცელებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა.

„კონკრეტულ პარტიულ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ფარულ ჩანაწერებს, მინდა გითხრათ, რომ შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ არის უხეში ფაბრიკაცია, თუმცაღა ბუნებრივია, ამაზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა გააკეთონ განცხადება და დააფიქსირონ პოზიცია. ვფიქრობ, პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება, რომ შეისწავლოს და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე სწავლობს – როგორ მოხდა ეს ფაბრიკაცია, ვის მიერ განხორციელდა – ყველაფერი ეს არის გამოძიების საგანი. ჩვენ ვიცით, რომ გამოძიება არ იწყება სიუჟეტის დამთავრებისთანავე, მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, როდესაც შეისწავლის აღნიშნულ საკითხს, ამის შემდეგ მოხდება პოზიციის დაფიქსირება, გასულ სიუჟეტში არის თუ არა ისეთი ფაქტები, რომელიც საჭიროებს გამოძიების დაწყებას. ვფიქრობ, საკითხის შესწავლა პროკურატურაში ნამდვილად მიმდინარეობს. დაველოდოთ, სულ რამოდენიმე დღეა გასული და ვფიქრობ, პროკურატურა შესაბამის პოზიციას დააფიქსირებს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა რეჟიმმა, რომელიც 2012 წელს დასრულდა, საზოგადოებას ამ ჩანაწერებით დღესაც თავი შეახსენა.

„მინდა ყველა დავარწმუნო, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოება, რომ დღესაც თავი შეგვახსენა იმ პოლიტიკურმა რეჟიმმა, რომელიც 2012 წელს დავასრულეთ და რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფებდა სწორედ ამ გზით, ხალხს აცხოვრებდა ვირტუალურ, მოდელირებულ ქვეყანაში და მოდელირებული ქრონიკის მსგავსად ცდილობდა, რომ შეექმნა იმგვარი ფონი, რომ მოქალაქეებს არ ჰქონოდათ რეალური ინფორმაცია, ხოლო რა ინფორმაციაც იყო, უნდა ყოფილიყო დამთრგუნველი და ბულინგით გაჯერებული“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.