ალუდა ღუდუშაური - ბერა ივანიშვილისგან განსხვავებით, მაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ თუ მე და ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, ჩვენც მოვითხოვთ პასუხს
ალუდა ღუდუშაური - ბერა ივანიშვილისგან განსხვავებით, მაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ თუ მე და ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, ჩვენც მოვითხოვთ პასუხს

გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან, ვისაც შეურაცხყოფას მიაყენებენ და პასუხს არ მოითხოვენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„ბერა ივანიშვილმა თქვა ის, რასაც, ვფიქრობ, თქვენც, მეც იმავეს ვიტყოდით. ადამიანმა თქვა, რომ თუ მას და მის ოჯახის წევრს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ამაზე პასუხს მოსთხოვთ. გეკითხებით, თუ თქვენ შეურაცხყოფას მოგაყენებენ, ამაზე პასუხს არ მოითხოვთ? მარტივი ტესტი შემიძლია, შემოგთავაზოთ – გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან, ვისაც შეურაცხყოფას მიაყენებენ და პასუხს არ მოითხოვენ. ასეთი ადამიანები საჯაროდ გამოვიდნენ და თავისი პოზიცია დააფიქსირონ. პირდაპირ გეუბნებით, როგორც საჯარო პირი და პოლიტიკოსი, მაქვს თმენის ვალდებულება, განსხვავებით ბერა ივანიშვილისგან, მაგრამ ამის მიუხედავად, თუ ვინმე მე და ჩემს ოჯახს არასწორად შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, ჩვენც მოვითხოვთ პასუხს. თქვენ არ მოითხოვთ?“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, ყველა ფაქტზე რეაგირება კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს.

„რა თქმა უნდა, კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს რეაგირება ყველა ფაქტზე, მაგრამ როცა საუბრობთ ფორმაზე, რომ თითქოსდა, აორგანიზებდა, ამას გამოძიება გასცემს პასუხს. როცა ვსაუბრობთ, მოდელირებაზე, ფაბრიკაციაზე, გიდასტურებთ, რომ არსებობს ამ ჩანაწერების ფაბრიკაცია, რაც განაცხადა ივანიშვილმა. საზოგადოებისთვის სრულიად ნათელია, რომ იყო არასრულწლოვანი, ირაკლი ღარიბაშვილი კი „ქართუ ფონდის“ გენერალური დირექტორი. როცა ორ კერძო სუბიექტს შორის ხდება ფარული ჩანაწერი და უკანონო მიყურადება, მით უმეტეს ფაბრიკაცია, ამაზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს? როგორც იურისტი გეტყვით, რომ „სისხლის სამართლის კოდექსიდან“ ეს მუხლი ჯერ არ გამქრალა. ძნელი ამოსაცნობია, ჩანაწერები ვისი ხელწერაა? – შეგახსენებთ, რომ ხდებოდა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ თვალთვალი და მიყურადება“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

დატოვე კომენტარი