ალუდა ღუდუშაური - საარჩევნო ბარიერზე საკითხი დახურულია, ჩვენი ერთ-ერთი წინაპირობა იყო, რომ რადიკალურ ოპოზიციას დეპოლარიზაციისკენ გადაედგა ნაბიჯები, რაც პირიქით მოხდა
ალუდა ღუდუშაური - საარჩევნო ბარიერზე საკითხი დახურულია, ჩვენი ერთ-ერთი წინაპირობა იყო, რომ რადიკალურ ოპოზიციას დეპოლარიზაციისკენ გადაედგა ნაბიჯები, რაც პირიქით მოხდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით საკითხი დახურულია.

ალუდა ღუდუშაურმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სტატუსის მიღების შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ბარიერის დაწევაზე. ახლა რა პოზიცია გაქვთ?“

ალუდა ღუდუშაურის თქმით, მაშინ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ერთ-ერთი წინაპირობა იყო, რადიკალურ ოპოზიციას დეპოლარიზაციისკენ გადაედგა ნაბიჯები, რაც მათგან პირიქით განხორციელდა.

„ყველას კარგად გვახსოვს ის განცხადებები და პოზიციები, რომლებიც ერთი წლის წინ იყო ამასთან დაკავშირებით. დიახ, ჩვენ თავის დროზე ვთქვით, რომ შეიძლებოდა ამაზე მსჯელობა, ოღონდ თუ, მაგალითად, ეს ყველაფერი იქნებოდა 2022 წელს. ბუნებრივია, ჩვენგან დასახელებული იყო ერთ-ერთი წინაპირობა, რომ რადიკალურ ოპოზიციას უნდა დაეწია ტემპერატურისთვის და ფოკუსი გაესწორებინა არა არეულობაზე, საბოტაჟზე, ქვეყანაში შფოთვის და არეულობის გაღრმავებაზე, არამედ გაესწორებინა ქვეყნის ინტერესებზე, დეპოლარიზაციისკენ უნდა გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები, რაც მათგან პირიქით განხორციელდა.

კარგად გვახსოვს მათი პოზიცია, პირიქით გააღრმავეს პოლარიზაცია. უნდა აღინიშნოს, რომ, ზოგადად, საქართველოს ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს ამასთან დაკავშირებით. არასდროს ყოფილა ისე, რომ დაბალი ბარიერის პირობებში შეკრებილ პარლამენტს რაიმე სახით ეჩვენებინა მაღალი ხარისხი სახელმწიფოს ან ხალხის სასიკეთოდ. შესაბამისად, ჩვენ მოწადინებული ვართ, პარლამენტი ორიენტირებული იყოს საქმეზე, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე და არა ვიწროპარტიულ, ანგაჟირებულ საკითხებზე, რაც, თვალნათლივ ვხედავთ, რომ ასეთ შემთხვევაში დესტრუქციულ ჯგუფებს მისცემს საშუალებას, პარლამენტი პოლიგონად გადააქციონ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.