ალუდა ღუდუშაური - არეულობაში ჩართული ადამიანები აღიარებაზე გადავიდნენ, თორნტონის განცხადებით დადასტურდა ის, რასაც ქართველი ხალხი ვარაუდობდა, მათი მიზანია, საქართველო ომის პოლიგონად აქციონ
ალუდა ღუდუშაური - არეულობაში ჩართული ადამიანები აღიარებაზე გადავიდნენ, თორნტონის განცხადებით დადასტურდა ის, რასაც ქართველი ხალხი ვარაუდობდა, მათი მიზანია, საქართველო ომის პოლიგონად აქციონ

არეულობაში ჩართული ადამიანები პირდაპირ აღიარებაზე გადავიდნენ, ლორა თორნტონის განცხადებით დადასტურდა ის, რასაც ქართველი ხალხი ვარაუდობდა, მათი მიზანია, საქართველო ომის პოლიგონად აქციონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებშია.

„გზავნილები, რომლებიც ქართველ ხალხს ესმოდა, ხშირ შემთხვევაში ირიბი მხარდაჭერა, აღიარება იყო იმისა, რომ საქართველოში პროცესები რევოლუციური სცენარით განვითარებულიყო და ქვეყანა ომის კვამლში გახვეულიყო. არეულობაში ჩართული ადამიანები როცა მიხვდნენ, რომ ამგვარი მხარდაჭერა შედეგს ვერ დადებს, პირდაპირ აღიარებაზე გადავიდნენ. ლორა თორნტონის განცხადება პირდაპირ ქმედებაზე გადასვლაა. უკვე თავად არიან ავანგარდში და მოწინავეთა რიგებში ჩადგნენ, როგორც რევოლუციის მომწყობები ქვეყანაში. ქართველი ხალხი ბრძენია და დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებშია. ჩვენ იმ ფორმაში ვართ, რომ ქვეყნის ინტერესები დავიცვათ და არ დავუშვათ არეულობა, რასაც ესოდენ ლამობენ და ძალისხმევას იყენებენ. ამ განცხადებით ის დადასტურდა, რასაც აქამდე ქართველი ხალხი ვარაუდობდა. მათი მიზანია, საქართველო ომის პოლიგონად გახადონ. როგორც ჩანს, წარმოუდგენიათ, რომ საქართველო დაბალი ღობეა, სუსტია, რადგან პატარა ქვეყანაა. პატარა ქვეყანაა, მაგრამ არც ისე სუსტები ვართ, რომ ქართველი ხალხი მტერსაც და მოყვარესაც ღირსეულად არ დახვდეს. ღირსეული დახვედრა გენში გვაქვს, რაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა საკუთარ წერილში აღნიშნა: „ნაგვის არგატანა, ბანკის მოლარეების გაფიცვა, სატვირთოების მძღოლების სახლში დარჩენა ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე““.