ალუდა ღუდუშაური - არაკაცებო, ჭირისუფალ ხალხს თვალებში ჩახედეთ, ქილიკობენ ოჯახების განადგურების ხარჯზე, იმის თავი არ გაქვთ, პატიება სთხოვოთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ დაბრუნდეს
არაკაცებო, ამ ჭირისუფალ ხალხს თვალებში ჩახედეთ. კიდევ ბედავენ ეს არაკაცები და იძახიან, რაღაცები დადგმულიაო, ქილიკობენ ოჯახების განადგურების ხარჯზე, იმის თავი არ გაქვთ, პატიება სთხოვოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს დაბრუნდეს.
„კომისიის ფორმატშიც მინდა, იმ არაკაცებს ვუთხრა. ხშირად ისმის კითხვა, რა შედეგი მოჰყვება ამ კომისიის მუშაობას. თქვე არაკაცებო, აი, ჭირისუფალ ხალხს თვალებში ჩახედეთ. კიდევ ბედავენ ეს არაკაცები და იძახიან, რაღაცები დადგმულიაო, ქილიკობენ ოჯახების განადგურების ხარჯზე, რომ მიხვალ და ჭირისუფალ ადამიანს ნებისმიერ საკითხზე ეკამათები და იმის თავი არ გაქვს, პატიება სთხოვო. ერთი ადამიანის არათუ მკვლელობა, უბედურებად არ ღირს არაფერი. წყალს წაუღია ყველაფერი, როდესაც ერთი ადამიანის უბედურება ხდება. თავფეხიანად სისხლში არიან ეს არაკაცები, ეს ნაძირალები. მინდა, ყველას ვუთხრა, ისმის კითხვა, როდის დამთავრდება „ნაციონალური მოძრაობაო“ – დასრულებული არ ხართ, აბა, რა უბედურებაში ხართ?! წყლის ორი წვეთივით ჰგავს ეს ტრაგედიები, მოკლული ადამიანების გარემოებები. როგორ შეიძლება, ამას ვინმე ემოციის გარეშე უსმენდეს? დასრულებული კი არა, უარეს დღეში ხართ. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ, დიახ, ბოლომდე მივიყვანოთ. ორ შვილს ვფიცავ, მეორედ ვამბობ ამას, ერთხელ სესიის დარბაზში ვთქვი, მარტო რომც დავრჩე, თუმცა დარწმუნებული ვარ, მარტო კი არა, ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, ღირსებით სავსე ქართველები იქნებიან, რა უნდა მოვუშვათ, ვინ უნდა მოვუშვათ. რა პოლიტიკის კეთებაზე ვლაპარაკობთ, ოჯახები რომ გააუბედურეთ? სანამ პირში სული მიდგას, ორ შვილს ვფიცავ, ესენი ვერასოდეს სადმე კი არ მოვლენ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი არასდროს არ დაბრუნდეს. ჭირისუფალი მამა, ჭირისუფალი დედა გინახავთ? თქვე არაკაცებო, რა პოლიტიკაზეა საუბარი, ხალხო, ბოდიშებს უნდა იხდიდეთ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.