ალუდა ღუდუშაური - 2028 წლამდე არჩევნები არ იქნება, შესაბამისად, ოპოზიცია ერთად იქნება თუ ცალ-ცალკე, იმედია, ამ დროისთვის მაინც იქნება თანმიმდევრული, რომ წარდგნენ ქართველი ხალხის წინაშე
ალუდა ღუდუშაური - 2028 წლამდე არჩევნები არ იქნება, შესაბამისად, ოპოზიცია ერთად იქნება თუ ცალ-ცალკე, იმედია, ამ დროისთვის მაინც იქნება თანმიმდევრული, რომ წარდგნენ ქართველი ხალხის წინაშე

მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მინდა, ყველა შევახსენო, რომ ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი არის და იმდენად დიადი, რომ ჩვენ, ქართველი ერი, ამისთვის არ დავიღლებით. რაც ყველაზე მთავარია, გვინდა, ჩვენს მომავალ თაობას დავუტოვოთ მართლაც დამოუკიდებელი და ყველაზე მთავარი, სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს, რომლებსაც ადამიანის უფლებრივ მდგომარეობასთან და უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ, რის გამოც ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი შეაჩერა და ყველა დონეზე კონტაქტი შეწყვიტა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ვნახოთ მედლის ორი მხარე.

„ეს ყველაფერი თვალსაჩინოა, რამდენიმე დღის უკან საზოგადოებამ ნახა, მაგალითად, მათივე ორგანიზაციების კვლევა, სადაც ჩვენ ვიყავით მოწინავე, მეორე ადგილზე ათი პრეტენდენტი ქვეყნიდან. ანუ, ინდიკატორები მათ ხელშია და მეორე საკითხი, თვითონ ატარებენ ამ კვლევებს, მათი ორგანიზაციების შედეგად ჩატარებული კვლევების შედეგად კი ჩვენ ყველა ასპექტში ვართ მოწინავე ადგილზე. როდესაც ობიექტური საზომით ხდება შეფასება და ობიექტურ კრიტერიუმებში ხდება ამ მოცემულობის ჩასმა, ბუნებრივია, ვიღებთ იმ ობიექტურ მოცემულობას, რაც არის და ეს არის ფაქტი უტყუარ მტკიცებულებაზე დაყრდნობით. მაგრამ როდესაც აქ შემოდის პოლიტიკური მდგენელი და სუბიექტური მომენტი, ჩვენ ვიღებთ ამ აბსურდს. ბუნებრივია, დიალოგს, არ შეიძლება, ჰქონდეს ალტერნატივა, მაგრამ სიმართლე არის ერთი, ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს, სიმართლეს, თუმცა როცა შენ ცდილობ, კარი გაიჯახუნო, ვიღებთ იმას, რაც არის. ბუნებრივია, ჩვენ გვინდა დიალოგი, რომელიც იქნება სამართლიან თამაშის წესებზე დაფუძნებული, ღირებულებით კონტექსტში გადატანილი საქმიანი საუბარი, რომელსაც ხელშესახები შედეგი მოჰყვება, სამართლიანი, ღია, გამჭვირვალე პროცესი და არა ისეთი ლაბირინთები, რომელშიც, სამწუხაროდ, თვითონ არიან“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, „სამწუხაროდ, არის მცდელობა, დაამკვიდრონ აზრი, თითქოს რაღაც ორი საქართველო არსებობს, თუმცა სინამდვილეში არსებობს ერთი ძალიან მაგარი, ძალიან საყვარელი, ძალიან ძლიერი ქვეყანა და ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სუბიექტი ცდილობს, წყალი აამღვრიოს და თავისი ვიწრო, მათ შორის, დაკვეთით განხორციელებული ქმედების შედეგად დაიკმაყოფილოს პირადი ეგო თუ პირადი მიზნები“.

„ხომ ნახეთ, ერთმანეთს რომ ეჯიბრებიან, ექიშპებიან და არითმეტიკაში არიან დაკარგულები? ჩვენთვის ერთი ადამიანის, ქვეყნის ერთი მოქალაქის ხმაც არის მნიშვნელოვანი და უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ რა მივიღეთ ამ აქციიდან და რა გავიგეთ? ვინმემ შეიძლება თქვას, რომ აი, მე ვიყავი აქციაზე, რაღაც მოვისმინე და უფრო უფრო მეტად ინფორმირებული ვარ, ვიდრე, მაგალითად, წინა დღემდე ვიყავი? როდესაც ერი ზეიმობს ასეთ მნიშვნელოვან დღეს, როცა ჩვენი ქვეყნის თითოეული გოჯი მიწა არის ჩვენი დიადი წინაპრების სისხლით მორწყული, რითაც ეს დღე აქამდე მოგვიტანეს და ამ დღეს მათი სულები ზეიმობენ, სრულიად ერი უნდა ზეიმობდეს და ყველა უნდა ამბობდეს, რომ დიახ, ჩვენ ვართ ერთიანები, ვართ შეუპოვრები, არ დავიღლებით არასოდეს და საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენს წინაპრებს გაუკეთებიათ ამ ქვეყანაში. ეს ადამიანები აბსოლუტურად გაუაზრებელ რაღაცებს იძახიან, რომ, მაგალითად, ბატონი გვარამია ან სხვები თურმე უკეთესად დაიცავენ ქართულ ოჯახებს, მშვიდობას, შავებში ჩაცმულ დედებს შვილებს გაუცოცხლებენ და უკეთესად დაიცავენ იმას, ვისაც ის უბედურება დაატეხეს თავს. ვინ სად უშვებს ამათ ხელისუფლებაში? ქართველი ხალხი ამათ არ გააკარებს ხელისუფლებას. თუ ვინმეს ეკუთვნის ხელისუფლება, ეკუთვნის ქართველ ხალხს”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები, რასაც ოპოზიცია ითხოვს, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ „არჩევნები არის 2028 წელს, მანამდე არანაირი არჩევნები არ იქნება და, შესაბამისად, ოპოზიცია ერთად იქნება თუ ცალ-ცალკე, იმედია, ამ დროისთვის მაინც იქნება თანმიმდევრული, რომ წარდგნენ ქართველი ხალხის წინაშე“.

შეკითხვაზე, გაზარდა თუ არა აშშ-დან დელეგაციების ვიზიტებმა ურთიერთობის გადატვირთვის და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მოლოდინი, ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ ეს ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად ასეა და აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილშიც ზუსტად ამ ასპექტებზეა ხაზგასმა.