ალთუნაშვილმა ოქრიაშვილი ჩაანაცვლა - „აპოელის“ ლეგიონერს კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT
ალთუნაშვილმა ოქრიაშვილი ჩაანაცვლა - „აპოელის“ ლეგიონერს კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT

ვილი სანიოლი იძულებული გახდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მორიგი ცვლილება განეხორციელებინა – მან ნაკრებში ბათუმის „დინამოს“ და ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე სანდრო ალთუნაშვილი გამოიძახა.

უეფა-ს ერთა ლიგის შეხვედრებისთვის გამოძახებულთა სიაში ეს იძულებითი ცვლილება თორნიკე ოქრიაშვილის ავადმყოფობის გამო განხორციელდა. ნაკრების პრესსამსახურის ცნობით, „აპოელის“ ქართველ ლეგიონერს კორონავირუსი დაუდასტურდა და ნაკრებს ვერ დაეხმარება. ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველი საწვრთნელ პროცესში დღეიდან ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსული გამოცემა Balla.com.cy-ს ცნობით, თორნიკე ოქრიაშვილი ნიქოზიას „აპოელს“ დატოვებს. გადაწყვეტილების მიზეზად გამოცემა ქართველი მოთამაშის ტრავმიანობა დასახელდა და ამტკიცებს, რომ „აპოელის“ მენეჯერს უკვე დაავალეს, ოქრიაშვილისთვის სხვა გუნდი მოძებნონ. მანამდე „ბალა“ წერდა, რომ ავადმყოფობის გამო „აპოელს“ ოქრიაშვილი ბოლო ტურში „პაფოსთან“ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ვერ დაეხმარა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფა-ს ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა. მაგრამ გუნდი მატჩებისთვის მზადებას კვლავ არასრული შემადგენლობით აგრძელებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გოგა ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე, ირაკლი აზაროვი (სამივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა კვირკველია (გაგრა, საქართველო)

ნახევარდაცვა: ზურიკო დავითაშვილი, ლადომამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი (სამივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა)

თავდასხმა: ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)