„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ალის ვაიდელი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში განვითარებული მოვლენები განიხილოს
ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთ-ერთი ლიდერი ალის ვაიდელი გუშინ პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და გერმანიის ფედერალურ მთავრობას მოუწოდა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას აღნიშნულ საკითხს შეეხოს.
„მე ველოდები, რომ ფედერალური მთავრობა ამ საკითხს დღეს, ბერლინში ზელენსკის ვიზიტის დროს განიხილავს“, – დაწერა ალის ვაიდელმა.
ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინს ეწვევა.
შეგახსენებთ, კიევთან, პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში მდებარე ერთ-ერთ კერძო სახლთან დაპირისპირება იყო, ადგილზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ სახლში ადამიანებს უკანონოდ აკავებდნენ და სცემდნენ.
პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში განვითარებულ მოვლენებს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, რომელმაც დაწერა, რომ „მომხდარი სახელმწიფოსთვის მიუღებელია და ძირს უთხრის უკრაინელთა ერთიანობას, განსაკუთრებით — რუსული საფრთხის ფონზე“.