ალტაირი, კასიოპეა, ანდრომედას გალაქტიკა და კადრში შემოჭრილი მეტეორები ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში
ალტაირი, კასიოპეა, ანდრომედას გალაქტიკა და კადრში შემოჭრილი მეტეორები ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში

საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე დეკემბრის რამდენიმე სუსხიანი ღამის განმავლობაში ცდილობდა შორეულ ვარსკვლავთა გადაღებას. სრულიად შემთხვევით, ყოველ ჯერზე, სამიზნე ვარსკვლავის გასწვრივ კადრში მეტეორი შეიჭრა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა სურათები კიდევ უფრო თვალწარმტაცი გახადა.

მეტეორი კაშკაშა ფენომენია, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ატმოსფეროში ასტეროიდის ან სხვა ციური სხეულის შემოსვლის შედეგად. შემოჭრის შემდეგ, ატმოსფეროს ზედა ნაწილში არსებული აირის მოლეკულებთან ხახუნის შედეგად, ასეთი სხეულები ცხელდება და იწვის. ამ მოვლენას ხალხი ვარსკვლავის ჩამოვარდნას უწოდებს. ხანდახან ეს სხეულები ატმოსფეროში სრულად ვერ იწვება და ნამსხვრევების გარკვეული ნაწილი დედამიწაზე ცვივა, რასაც მეტეორიტებს უწოდებენ.

კასიოპეას დელტა, რომელსაც ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ, ორმაგი (ბინარული) ვარსკვლავური სისტემაა. მდებარეობს ჩვენგან 99,4 სინათლის წლის მანძილზე და წარმოადგენს კასიოპეას თანავარსკვლავედის შემადგენელ ვარსკვლავს. სისტემის მთავარ ვარსკვლავს რუკბაჰს უწოდებენ. ვარსკვლავზე გამავალი თეთრი ხაზი კადრში შემოჭრილი მეტეორია.

ამ ფოტოზე კი ხედავთ ალტაირს, არწივის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა და ღამის ცის მეთორმეტე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს. ჩვენი მზისგან ის 16,7 სინათლის წლით არის დაშორებული და წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე უახლოეს მეზობელს, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ალტაირი წარმოუდგენლად სწრაფად ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო; ეკვატორთან ეს მაჩვენებელი 286 კმ/წმ-ია, ზოგადი საშუალო სიჩქარე კი 400 კმ/წმ-ს აღწევს. ვარსკვლავის თავზე, ყვითელი ხაზი ასევე შემთხვევით დაფიქსირებული მეტეორია.

და ბოლოს, თქვენ ხედავთ ანდრომედას გალაქტიკას, რომლის გადაღებისას, ირაკლი გედენიძის ობიექტივში მეტეორთან ერთად, დედამიწის ორბიტაზე მოძრავი ერთ-ერთი ხელოვნური თანამგზავრიც შეიჭრა. მეტეორს ვერტიკალურად დახრილი ხაზის სახით ხედავთ, თანამგზავრის ნაკვალევს კი წყვეტილი ხაზით. ანდრომედას გალაქტიკა ჩვენგან 2,5 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული და უდიდესი ობიექტია ჩვენს გალაქტიკურ სამეზობლოში.