ალმაზბეკ ატამბაევს უკანონო გამდიდრებისა და კორუფციის მუხლებით ბრალი წაუყენეს, მას შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ
ალმაზბეკ ატამბაევს უკანონო გამდიდრებისა და კორუფციის მუხლებით ბრალი წაუყენეს, მას შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს უკანონო გამდიდრების და კორუფციის მუხლებით ბრალი წაუყენეს.

ყირგიზეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ატამბაევს ბრალი აქვს წაყენებული სახელმწიფო ორგანოების და ენერგო კომპანიების წარმომადგენლებთან უკანონო კომუნიკაციების შექმნაში, ორგანიზებულ კორუფციაში, რაც გამოიხატება ბიშკეკის თბოელექტროსადგურისთვის ქვანახშირის მიწოდების და „პროგრეს კომპანის“ ინტერესების ლობირების საქმეებში, ასევე კორუფციის ორგანიზებაში ბიშკეკის თბოელექტროსადგურის განახლების მიზნით, უკანონო გამდიდრებაში და დანაშაულებრივი შემოსავლების ლეგალიზაციაში.

ყირგიზეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ატამბაევი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა. ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება 12 მძიმე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა და შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

7 აგვისტოს, ყირგიზეთის სპეცსამსახურებმა ატამბაევის დაკავების ოპერაცია დაიწყეს, საპასუხოდ კი ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ორდღიანი ოპერაციის შედეგად, ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა, 136 ადამიანი კი დაშავდა.