„ალკოჰოლი ჯანმრთელობისთვის მავნებელია“: ბელგიაში ლუდის მწარმოებლები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ

16:15, 27.08.2026
საილუსტრაციო ფოტო / ლუკ კლაესსენი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი" (AFP)

საილუსტრაციო ფოტო / ლუკ კლაესსენი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი" (AFP)

ბელგიაში ლუდის მწარმოებლებმა ალკოჰოლის რეკლამირებაზე შეზღუდვების გამკაცრების წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს.

აქამდე ქვეყანაში ალკოჰოლის ყველა რეკლამას ახლდა გაფრთხილება: „ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ჯანმრთელობისთვის მავნებელია“. მალე ეს წარწერა შეიცვლება ფრაზით: „ალკოჰოლი ჯანმრთელობისთვის მავნებელია“.

აღნიშნული ინიციატივა ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის, ფრანკ ვანდენბრუკეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ალკოჰოლის მოხმარების შემცირებას ისახავს მიზნად. მინისტრის განცხადებით, ალკოჰოლი მძიმე ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის და ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს.

„ჩვენი, როგორც მთავრობის მიზანია, ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ“, – აცხადებს მინისტრი.

ერთი შეხედვით ცვლილება უმნიშვნელოა, თუმცა ბელგიელი ლუდის მწარმოებლების შეფასებით, ახალი სლოგანი იმ პროდუქტის სტიგმატიზაციას ახდენს, რომელიც ბელგიური კულტურისა და იდენტობის ნაწილია. მათი განცხადებით, ფეხბურთის მატჩის შემდეგ, დაბადების დღესა თუ სხვა დღესასწაულზე ლუდის დალევა მავნე ჩვევა კი არა, ბელგიური კულტურის შემადგენელი ნაწილია. მწარმოებლებს მიაჩნიათ, რომ ბელგიამ საკუთარი ლუდი ისევე უნდა დაიცვას, როგორც სხვა ქვეყნები იცავენ მათთვის მნიშვნელოვან ეროვნულ პროდუქტებს.

„მაშინ, როდესაც საფრანგეთი ღვინოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად იცავს, იტალია კი პროშუტოს უფრთხილდება, ბელგია საკუთარ ტრადიციასა და ეროვნულ სიამაყეს უწესებს შეზღუდვებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მეგობრებთან ერთად ლუდის დალევის გამო ბოდიში გვაქვს მოსახდელი. ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, რა თქმა უნდა, უნდა ვებრძოლოთ, თუმცა თუ მთავრობა ჭარბ მოხმარებასა და ზომიერ მიღებას შორის განსხვავებას გააქრობს, ფუნდამენტურ ღირებულებას დავკარგავთ. ბელგიაში ლუდი უბრალო პროდუქტზე მეტია. ეს არის ურთიერთობის საშუალება, ჩვენი იდენტობის ნაწილი და იუნესკოს მიერ აღიარებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. სლოგანი, რომელიც ადამიანებში დანაშაულის გრძნობას აჩენს, არავის იცავს, ის პირველ რიგში იმ ადამიანების სტიგმატიზაციას ახდენს, ვისაც დროის სასიამოვნოდ გატარება სურს“, – აღნიშნულია მწარმოებელთა ღია წერილში.

სარეკლამო სლოგანის ირგვლივ დაწყებულმა დებატებმა ქვეყნის პოლიტიკური წრეებიც ორად გაყო. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ლუდის მწარმოებელთა პროტესტს მმართველი კოალიციის ზოგიერთი პარტიაც უჭერს მხარს.

სტატიის ავტორია დესისლავა აპოსტოლოვა. თავდაპირველად გამოქვეყნდა: 27 აგვისტო, 2026, 11:44 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი