ალის ვაიდელი – საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები ისტორიული შედეგია და მთავრობის ფორმირებისთვის ძალიან მკაფიო მანდატს გვაძლევს
ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი აცხადებს, რომ საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლის შედეგები ისტორიულია.
ეგზიტპოლის მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 44,5%-ს მიიღებს.
„ეს ისტორიული შედეგია. რასაც მივაღწიეთ, მაქსიმალურად საუკეთესო შედეგია. ვნახოთ, რა იქნება საბოლოოდ, ჯერ კიდევ არსებობს 45%-ის მიღწევის შანსი. 44%-დან 44.5%-მდე – ეს 18:00 საათის პროგნოზია. ეს ისტორიული შედეგია და მთავრობის ფორმირებისთვის ძალიან მკაფიო მანდატს გვაძლევს“, – განაცხადა ვაიდელმა.
მისივე განცხადებით, პარტია მზად არის, პოტენციურ პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხზე მოლაპარაკებები გამართოს.
„ჩვენ მოლაპარაკებებისთვის ღია ვართ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ იმ პოლიტიკის გასატარებლად, რომელიც კარგი იქნება გერმანიისთვის და, უპირველეს ყოვლისა, საქსონია-ანჰალტისთვის“, – აღნიშნა ვაიდელმა.
ვაიდელის შეფასებით, ულტრამემარჯვენე პარტია „რეკორდულ შედეგებს“ აჩვენებს არა მხოლოდ საქსონია-ანჰალტში, არამედ აღმოსავლეთ გერმანიასა და მომავალში ფედერალურ დონეზეც.
ამასთან, ვაიდელმა გააკრიტიკა გერმანიის მმართველი პოლიტიკური ძალა და განაცხადა, რომ მისი პროგნოზი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ მომავალთან დაკავშირებით მართლდება.
„უბრალოდ შეხედეთ, რა ხდება. ზუსტად ეს არის ის, რასაც წლების განმავლობაში ვამბობდი. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ ვეღარ მოიგებს არჩევნებს“, – აღნიშნა ვაიდელმა.
საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ეგზიტპოლის მონაცემების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს, რომელმაც ხმათა 44.5%-ის მიღება შეძლო. მეორე ადგილზე კი 18.5 %-ით მმართველი „სოციალ-დემოკრატიული კავშირია“. ეგზიტპოლის მიხედვით, 9.5%-ით მესამე ადგილი უკავია მემარცხენე პარტიას.