ალის ნისლეული ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში
ალის ნისლეული ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში

ერთი შეხედვით ცეცხლის ალს ჰგავს და ეს სახელიც ამიტომ დაარქვეს. არის ე. წ. ემისიური ნისლეული და მდებარეობს ორიონის თანავარსკვლავედში, ჩვენგან დაახლოებით 900-1500 სინათლის წლის მანძილზე. მიეკუთვნება ორიონის მოლეკულური გაზის კომპლექსს — ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონს, რომელიც ასევე მოიცავს სახელგანთქმულ ცხენის თავის ნისლეულს.

ნისლეულის სიკაშკაშის უმეტესი ნაწილი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ელექტრონები და იონიზებული წყალბადი ხელახლა ერთდება. ნისლეულის კაშკაშა ნაწილის წინ გაწოლილია ბნელი გაზი და მტვერი, რის გამოც, კაშკაშა ქსელის ცენტრალური ნაწილი ჩაბნელებული ჩანს.

ალის ნისლეულის ცენტრში მდებარეობს ახლად დაბადებულ ვარსკვლავთა გროვა. როგორც ნასას ჩანდრას რენტგენული ობსერვატორიით ჩატარებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, იქ დაახლოებით 800 ახალგაზრდა ვარსკვლავია თავმოყრილი.

საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ ალის ნისლეული მანავის ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაიღო.

 

დატოვე კომენტარი