ალილოს მსვლელობა თბილისში [ფოტო]
ალილოს მსვლელობა თბილისში [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს. 7 იანვარს საშობაო ალილო იმართება. პანდემიის გამო, ტრადიციული ალილო წელს განსხვავებული ფორმატით ტარდება.

ფეხით მსვლელობის ნაცვლად, სასულიერო პირები დღეს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და დედაქალაქის სხვადასხვა მიმართულებით ავტომობილებით მსვლელობა მოაწყეს.

მანქანებით მსვლელობა 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე ქრისტეშობის სამადლობელი პარაკლისით დასრულდება.

საშობაო ნობათის მიტანა მსურველებს რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ სპეციალურ კარავში 16:00 საათამდე შეეძლებათ, ასევე შემოწირულობების მიტანა შესაძლებელი იქნება ყოვლადწმინდა სამების ლავრაში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში.

ალილოზე შეგროვებული საჩუქრები და ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.

ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.