საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს. 7 იანვარს საშობაო ალილო იმართება.
თბილისში მომლოცველთა და მგალობელთა გუნდის მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, რის შემდეგაც ალილოს მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ და ბარათაშვილის ქუჩის გავლით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ. მსვლელობა სამების ტაძარში ქრისტეშობის სამადლობელი პარაკლისით დასრულდა.
ალილოს მსვლელობისას მიღებული შემოწირულება ბავშვთა სახლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
ქრისტეშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2 000 წლიდან აღინიშნება.