ალილოს მონაწილეებს ორბელიანების სასახლესთან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა
ალილოს მონაწილეებს ორბელიანების სასახლესთან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა

თბილისში მიმდინარე ტრადიციული საშობაო ალილოს მონაწილეები ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ, სადაც მათ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა.

პრეზიდენტმა მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცა და ნობათიც გადასცა.

„გილოცავთ ყველას შობის დღესასწაულს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ სასახლესთან პირველად გამოიარა ალილომ. ვფიქრობ, ეს არის ძალიან სასიხარულო. ძალიან ლამაზი ტრადიციაა, ყველას გილოცავთ ქრისტესშობის დღეს, მისი მადლი ფარავდეს ყველა ოჯახს, სრულიად საქართველოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაული ჟურნალისტებსაც მიულოცა.

„თქვენ ჟურნალისტებსაც პირადად გილოცავთ, ვინც ზოგჯერ სიცივეში დიდხანს მელოდებით. გილოცავთ და გისურვებთ, რომ შობის ეს დღე თქვენთვის ძალიან ბედნიერი იყოს“, – მიმართა პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს.