ალილოს მონაწილეები „ვარდების მოედანზე“ უკვე იკრიბებიან
ალილოს მონაწილეები „ვარდების მოედანზე“ უკვე იკრიბებიან

ალილოს მონაწილეები „ვარდების მოედანზე“ უკვე იკრიბებიან. კასპის რაიონიდან მოსახლეობა შობის აღსანიშნავად ხარ-კამეჩებით შებმული ურმებით ჩამოვიდა.

ალილო „ვარდების მოედნიდან“ 14:00 საათზე დაიწყება და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

თეატრალიზებული მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩებს. საპატრიარქოს ინფორმაციით, ალილოს მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები დახვდებიან. აქვე მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებს დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გადასცემენ. ტკბილეულით გზადაგზა მათ მოსახლეობაც დაასაჩუქრებს.

ალილოს მსვლელობის მონაწილეების ნაწილი საპატრიარქოსკენ გაემართება და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიულოცავს. ალილოს მონაწილეები მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივლენ, სადაც მათ გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.

საპატრიარქოში პირველ არხს განუცხადეს, რომ ალილოზე შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები 8 იანვარს დახარისხდება და ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაურიგდება.

ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.