„ალიანს ჰოლდინგში“ „ტორპედოს“ პროექტის პრესსპიკერი - კლუბი გავა ღია აუქციონზე და იქ გადაწყდება, ვინ გახდება მეპატრონე #1TVSPORT
„ალიანს ჰოლდინგში“ „ტორპედოს“ პროექტის პრესსპიკერი - კლუბი გავა ღია აუქციონზე და იქ გადაწყდება, ვინ გახდება მეპატრონე #1TVSPORT

„ალიანს ჰოლდინგში“ „ტორპედოს“ პროექტის პრესსპიკერი მიხეილ აბაიშვილი საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ ქუთაისურ კლუბში „ნიუ ვიჟენი“ სპონსორად შევიდა და არა – მეპატრონედ და რომ „ალიანს ჰოლდინგის“ პრეზიდენტი, აიეტ კუკავა გუნდის შესყიდვას ოფიციალური გზებით შეეცდება.

„მეც წავიკითხე ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალური განცხადება, რაც საზოგადოებაში არასწორად იყო გაგებული. დიახ, „ნიუ ვიჟენი“ კლუბის სპონსორი გახდა, მაგრამ არა – მეპატრონე. „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგი“ კი გუნდის შესყიდვას ოფიციალური გზით კვლავ ცდილობს“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან მიხეილ აბაიშვილი.

მისი თქმით, ამის შესახებ ოფიციალური წერილიც მიიღეს.

„ქუთაისის მერიამ ოფიციალური წერილი გამოაგზავნა „ალიანს ჰოლდინგის“ სახელზე, რომ კლუბის დავალიანებაზე აუდიტორიული დასკვნა საბოლოო შემოწმებისთვის სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადაიგზავნა და დასკვნას კვირის ბოლომდე ელიან. ამის შემდეგ კლუბი გავა ღია აუქციონზე და იქ გადაწყდება, ვინ გახდება მეპატრონე, „ალიანს ჰოლდინგი“ თუ „ნიუ ვიჟენი“. მაგრამ მადლობა „ნიუ ვიჟენს“, რომ გუნდს მომენტალური დახმარება გაუწია. გუნდში მისვლის შემთხვევაშიც მათთან სასპონსორო თანამშრომლობის საწინააღმდეგო არაფერი გვექნება“.