აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში ახალ ფორმატსა და ახალ ფორმაციაში, რათა ახალი სატრანსპორტო, ახალი ლოგისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას ევრაზიული მარშრუტის გზაზე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი დღეს სანდო პარტნიორები არიან არა მარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც.
„ბატონო ირაკლი, საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ბატონო ნიკოლ, სომხეთის პრემიერ-მინისტრო, და დარბაზში მყოფ დელეგატებსაც მივესალმები და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ტრადიციული მოწვევისთვის, ძალიან გულთბილი მიღებისთვის და ფორუმის შესანიშნავი ორგანიზებისთვის. ძალიან მახარებს, რომ დავბრუნდი საქართველოს დედაქალაქში. ყოველწლიურად თბილისი კიდევ უფრო შესანიშნავი ხდება, ქალაქი იზრდება, ვითარდება და გასულ წელს რომ შევადაროთ, ძალიან შთამბეჭდავია ზრდა და განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია წლევანდელი ფორუმის თემატიკა. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ფორუმი იქცა პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმად, სადაც ხდება იდეების გაცვლა რეგიონულ, გლობალურ საკითხებზე და დღის წესრიგზე. ბოლო მოვლენები, რომელიც გლობალურად ვითარდება და განსაკუთრებით ის გამოწვევები, რომლებიც ეკონომიკური თანამშრომლობის და ტრანსპორტის მიმართულებით იქცევა ჩვენ დისკუსიის საგნად, ხაზს უსვამს ამ თავშეყრის მნიშვნელობას“, – განაცხადა ალი ასადოვმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო საუკუნეების განმავლობაში ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ, დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებდნენ და თამაშობდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა და წვლილი შეჰქონდა განვითარებაში, ვაჭრობაში და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში, აძლიერებდა კულტურულ, ჰუმანიტარულ გაცვლის პროგრამებს.
„აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ ამ აქცენტების გაძლიერებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში ახალ ფორმატში და ახალ ფორმაციაში, რათა ახალი სატრანსპორტო, ახალი ლოგისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას ევრაზიული მარშრუტის გზაზე. წლების განმავლობაში მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები, რომელიც აკავშირებს საქართველოს და აზერბაიჯანს, გადაიქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეტაპო მოვლენად ამ რეგიონის სტაბილურობისა და მშვიდობისათვის. ჩვენი ქვეყნები დღეს სანდო პარტნიორები არიან არა მარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც. სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულება, ტრადიციულად, ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ეს მიმართულება უფრო დიდი პოტენციალის მქონეა, გაიზრდება ვაჭრობა, ინვესტიციები და გაიხსნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები“.
ალი ასადოვის განცხადებით, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და დიდი ინვესტიციები, რომლებიც ხორციელდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, აძლიერებს აზერბაიჯანის პოზიციას, როგორც მნიშვნელოვან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრს ევრაზიის რეგიონში.
„ჩვენი ქვეყანა გამუდმებით ახორციელებს ინვესტირებას ინფრასტრუქტურის განვითარებაში. გასულ წელს ჩვენი ტვირთბრუნვის მომსახურების შესაძლებლობა, აზერბაიჯანის ინვესტიციების წყალობით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ერთი მილიონიდან ხუთ მილიონ ტონამდე გაიზარდა. ტვირთბრუნვის მომსახურების სფეროში მეორე ეტაპი – 15-დან 25 მილიონ ტონამდე – დაიწყო ბაქოში, საერთაშორისო საზღვაო პორტის საშუალებით, რომელიც აკავშირებს ძირითად სარკინიგზო გზებს და სახმელეთო გზებს ჩვენს ქვეყანაში. აზერბაიჯანი რეგიონში უმსხვილესი სავაჭრო ავტოფლოტის მქონე ქვეყანაა. სატრანსპორტო ფლოტი, სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გაგვაჩნია, ქვეყანას აკავშირებს ლაჩინის რეგიონთან, სადაც ამჟამად საერთაშორისო სატრანსპორტო აეროპორტი იქმნება ალატის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. ეს და რამდენიმე სხვა ფაქტორი, აზერბაიჯანს აქცევს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანზიტო და სატრანსპორტო ჰაბად. ყველა ეს ასპექტი არის შუა დერეფნის შემადგენელი ნაწილი. ეს დერეფანი ცხადყოფს, რომ არის სანდო მარშრუტი ჩინეთის, ცენტრალური აზიის და ევროპის დასაკავშირებლად“, – განაცხადა ალი ასადოვმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო ამ სტრატეგიული დერეფნის განვითარებაში და ფორმის მიცემაში წამყვან როლს თამაშობენ.
„ჩვენი ქვეყნები, გეოგრაფიული პოზიციით და თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შუა დერეფანში ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეები და მოთამაშეები არიან. ჩვენი ძალისხმევის გაერთიანებით მუდმივად და მიზანმიმართულად ვდგამთ ნაბიჯებს წინ, რომ ამ გზაზე ჩვენი ინფრასტრუქტურა განვავითაროთ, წავახალისოთ სასაზღვრო კვეთის პროცედურები და სატრანზიტო შესაძლებლობები. ჩვენს დღის წესრიგშია პროექტები მოდერნიზაციის, პორტების განვითარების მიმართულებით, მათ შორის ციფრული მექანიზმების გამოყენებით. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენი ძალისხმევა ცხადყოფდა 90%-ით ზრდას შუა დერეფნის ტვირთბრუნვის და გატარების შესაძლებლობის მიმართულებით, რაც ზრდის ჩვენს პოტენციალს და სატრანზიტო დროის შემცირებას უწყობს ხელს, მარშრუტის კვეთის პერიოდი 15 დღემდე მცირდება“, – განაცხადა ალი ასადოვმა.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბაქო პარტნიორებთან მუშაობს სატრანზიტო, სატარიფო პოლიტიკაზეც, ასევე მოდალური ტრანსპორტირების საკითხზეც.
„საქართველოსთან ერთად ვართ ამ საერთო პოლიტიკის ხორცშესხმის მიმართულებით, მათ შორის სასაზღვრო თანამშრომლობის მიმართულებით, რომ ქვეყნებს შორის მრავალმოდალური ტრანსპორტირება იყოს ხარვეზის გარეშე. ეს აისახება კიდეც ჩვენს გრძელვადიან შეთანხმებებში, რომელიც ამ თვის დასაწყისში იქნა მიღწეული ტვირთბრუნვის გაზრდის და მომსახურების საკითხებზე, სარკინიგზო ოპერატორების ჩართულობით საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით. შევთანხმდით, რომ ერთობლივი ძალისხმევა მოხმარდება საპორტო, სარკინიგზო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, სადაც მოგვარდება ტექნიკური ხარვეზები და გაიზრდება დერეფნის გამტარუნარიანობა და ტვირთების მომსახურების შესაძლებლობა. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით წვლილს შევიტანთ რეგიონის ამ სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდაში, რომ ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური კავშირები ვითარდებოდეს, ასევე მოდიოდეს ინვესტიციების ნაკადი“, – განაცხადა ალი ასადოვმა.
მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული მშვიდობა იძლევა საშუალებას, რომ ისტორიულ მარშრუტს მიეცეს ძალიან დიდი დატვირთვა რეგიონში.
„რეგიონული კომუნიკაციების გახსნით, აზერბაიჯანის ძირითადად ტერიტორიასა და ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის კავშირების გახსნით, ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოებთ სატრანზიტო შესაძლებლობებს, რომ საერთაშორისო ტვირთბრუნვა გაიზარდოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი მარშრუტი, რომელიც გაიხსნება რეგიონში, გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი შუა დერეფნის კონტექსტში და გაზრდის მის როლს და მნიშვნელობას გლობალური სატრანსპორტო ქსელის ფარგლებში. აზერბაიჯანი ერთგული რჩება იმ ატმოსფეროს განვითარების იდეისადმი, რომელიც რეგიონში ურთიერთობის და ნდობის განვითარებას ეხება. სომხეთის პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში უკვე აღნიშნავდა, რომ ეს პრეზიდენტ ალიევის და ჩემი დამსახურებით მოხდა. მას ამ კომენტარისთვის მადლობას ვუხდი და ვუბრუნებ კეთილ სიტყვებს. აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ მიმართულებით, წინა პერიოდში არსებული ყველა შეზღუდვა მოხსნა და ამ მიმართულებით ჩვენი ურთიერთობები უკვე გახსნილია, რასაც ადასტურებს ბატონი ილჰამ ალიევის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მშვიდობა დავამყარეთ არა მარტო დოკუმენტში, არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურად“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანს და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში გრძელვადიანი, ძალიან სასარგებლო პარტნიორობა არსებობს.
„სტრატეგიული პარტნიორობა იქცა იმ წარმატებულ ამბად, რაც რეგიონულ საზღვრებს სცდება. ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა საქართველოს და აზერბაიჯანის არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, არამედ ერთობლივ სტრატეგიულ მიზნებს მიგვაღწევინებს და განვითარებას უზრუნველყოფს. ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობის წინაპირობა, რასაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი და შაჰდენიზის მილსადენი ცხადყოფს. ჩვენი ურთიერთობის პანორამა არის უზრუნველყოფილი, დაცულია სანდო ენერგეტიკული პროექტის წინაპირობა. აზერბაიჯანის ინიციატივით და საქართველოს აქტიური მონაწილეობით განხორციელებული პროექტი უკვე მნიშვნელოვან ასპექტად იქცა ევროპის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. ბოლო თვეების განმავლობაში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 14-დან 10 ევროპულ სახელმწიფოს მიეწოდება, ამ წარმატებას ვუმადლით საქართველოს. ახალ ნაბიჯებს ვდგამთ მწვანე ენერგიის განვითარების მიმართულებით. აზერბაიჯანი და საქართველო ძლიერ პარტნიორებად გვევლინებიან განახლებადი ენერგოწყაროების უზრუნველყოფის მიმართულებით, კასპიის და შავი ზღვის ენერგომატარებლების ტრანსპორტების მიმართულებით, ეს არის ჩვენი საერთო ხედვის მაგალითი, ჩვენი ერთგულების მაგალითი. ეჭვი არავის ეპარება, რომ მრავალმხრივი თანამშრომლობა აძლიერებს რეგიონულ სტაბილურობას, ურთიერთნდობას, გრძელვადიან პარტნიორობას. მიგვაჩნია, რომ ახალი ინიციატივები განხორციელდება ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ტრანზიტის მიმართულებით, რის შედეგად ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო განავითარებს ჩვენს პოლიტიკურ სტაბილურობას და მნიშვნელობას“, – განაცხადა ალი ასადოვმა.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბაქო აგრძელებს ყველა რესურსის გამოყენებას, რათა რეგიონის სატრანზიტო და ენერგეტიკული პოტენციალი გახდეს მდგრადი და საფუძვლად დაედოს მწვანე ენერგიის დერეფნებს.
„ჩვენ მზად ვართ, ვაშენოთ ღია და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მექანიზმები ამ მიმართულებით. ჩემი გამოსვლის ბოლოს მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის აღმატებულება ბატონი ირაკლი კობახიძეს მოწვევისთვის. ამავდროულად, გამოვხატავ მადლიერებას დღევანდელი ფორუმის ორგანიზატორების მიმართ. მიმაჩნია, რომ დისკუსიები, რომლებიც დღეს და ხვალ გაიმართება, ასევე გადაწყვეტილებები, რომლებსაც მივაღწევთ, მნიშვნელოვნად წინ წაწევს ამ ისტორიულ აბრეშუმის გზას და მეტ შესაძლებლობას შექმნის რეგიონული თანამშრომლობისთვის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულებით“, – განაცხადა ალი ასადოვმა.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.