„ალფა“ ასეული ნატო-ს რეაგირების ძალებს შეუერთდა
„ალფა“ ასეული ნატო-ს რეაგირების ძალებს შეუერთდა

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული ნატო-ს რეაგირების ძალების (NRF) სრულუფლებიანი წევრია. ნატო-ს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში გაფორმდა, რომლის თანახმად, ასეულს სამი წლის ვადით ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) სერტიფიკატი მიენიჭა.

თავდაცვის დოკუმენტის ხელმოწერამდე, „ალფა“ ასეულმა ნატო-ს მეორე დონის შეფასება (NEL-2) გაიარა. პროცესს ნატო-ს სახმელეთო ძალების შტაბის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. შეფასების ჯგუფი ქართველი, ასევე, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სერტიფიცირებული შემფასებლებით იყო დაკომპლექტებული.

შეფასების დასკვნითი სწავლების ფაზაში „ალფა“ ასეულმა ობიექტზე შეტევის ოპერაცია განახორციელა და ამოცანები მოიერიშე და მხარდამჭერი ელემენტების კოორდინირებული მოქმედებებით შეასრულა. სამხედრო მოსამსახურეებმა პირობით მოწინააღმდეგეზე იერიშის დროს ქვეითთა ჰამერის ტიპის დაჯავშნული ავტომობილები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გამოიყენეს. განხორციელდა პირობითად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ევაკუაციაც.

„ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც ოფიციალურად ადასტურებს მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულის მზადყოფნას მისიის შესასრულებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, მისი მეშვეობით ნატო ადასტურებს, რომ ქართული ქვედანაყოფი თავსებადია ნატოსთან და ნატოს რეაგირების ძალებსა და ნატოს ეგიდით მიმდინარე მისიებში მონაწილეობის უნარი აქვს. ვფიქრობ, ეს სტრატეგიული პერსპექტივის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამხედრო სფეროში საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია. ნატო ძალიან აფასებს საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთის საერთაშორისო მისიაში, ასევე, ნატოს რეაგირების ძალებში ქართული ქვედანაყოფის ჩართულობას. აღნიშნული ღონისძიებაც ნატო-საქართველოს პოზიტიური თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც იმედი გვაქვს, შენარჩუნდება და გაგრძელდება“, – განაცხადა ნატო-ს სახმელეთო ძალების შტაბის წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბარტ ვერბისტმა.

I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში (OCC E&F) 2013 წლიდან მონაწილეობს. 2015-დან 2018 წლის ჩათვლით ასეული ჩართული იყო ნატო-ს რეაგირების ძალებში (NRF), გავლილი აქვს შესაბამისი შეფასებების ყველა დონე და მინიჭებული აქვს სერტიფიკატი. 2019 წლის პირველი იანვრიდან „ალფა“ ასეული ნატო-ს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაში „ჩარლი“ ასეულმა ჩაანაცვლა. ამჟამად, ნატოს მეორე დონის შეფასების (NEL-2) წარმატებით დასრულების შემდეგ კი, „ალფა“ ასეული ნატო-ს რეაგირების ძალებს კვლავ შეუერთდა.

ინფორმაციას საქარტველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.